მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საზოგადოებას მუდმივად გემოვნებიან პროექტებს სთავაზობს, მის მიერ ჩაწერილი ბოლო სიმღერა “ჩემი აღარა ხარ მორჩა“, გაჟღერებისთანავე ჰიტი გახდა. სტეფანე ახლა მორიგი სიმღერის ქავერზე მუშაობს.
– რა სიახლეებს სთავაზობთ მსმენელს?
– როგორ გითხრათ, ჩემი ცხოვრება სულ სიახლეებია, ახლა ახალ კლიპზე ვმუშაობ. სიმღერის სახელწოდება არის “დამიბრუნდი”, რომელიც ჩემი სიმღერაა. 7 მარტს ვიწყებ კლიპის გადაღებებს და პრემიერა მალე შედგება.
– ელოდით ბოლო ნამუშევრის „ჩემი აღარა ხარ მორჩა“ ასეთ წარმატებას?
– არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ ველოდი ამ სიმღერის გაჰიტებას.
– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელ ვარსკვლავთან თანამშრომლობთ, დეტალურად გვიამბეთ ამის შესახებ…
– ბაქოში არის ასეთი ვარსკვლავი, აიგუმ კაზიმოვა, რომელთანაც მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ, ახლა სწორედ მის სოლო კონცერტზე ვმუშაობ, რომელიც ბაქოში გაიმართება.
– თავად არ გეგმავთ სოლო-კონცერტის ჩატარებას?
– ვგეგმავ კონცერტის ჩატარებას, რომელიც აპრილში გაიმართება, ეს იქნება ძალიან მასშტაბური, დიდ რაოდენობაზე გათვლილი კონცერტი. ზუსტი თარიღი და კონცერტის ჩატარების ადგილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რადგან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.