ქრისტინა აგილერა დღეს ბათუმს დაათვალიერებს და ქართულ კერძებს გასინჯავს

0
2397

ქრისტინა აგილერა ბათუმში გუშინ, საღამოს თერთმეტის ნახევარზე ჩამოფრინდა. პოპ ვარსკვლავს თან 40-კაციანი ჯგუფი ახლავს, რომელშიც შედიან მისი პირადი დაცვის წევრები, ტურმენეჯერები, მოცეკვავეები, ბენდის წევრები და ტექნიკური პერსონალი. აგილერა და მისი ჯგუფის წევრები ბათუმში სპეცრეისებით, პირადი თვითმფრინავებით ჩამოვიდნენ.

მათ “ბლექ სი არენას” პროტოკოლის სამსახური დახვდა და სასტუმრო „ჰილტონში“ მიაცილეს, სადაც არტისტისა და მისი თანმხლები პირებისთვის საუკეთესო ნომრები იყო დაჯავშნილი. ქრისტინა აგილერა სასტუმროს ყველა მომსახურებით ისარგებლებს.

როგორც გვითხრეს, მიუხედავად 16-საათიანი ფრენისა, ვარსკვლავი შესანიშნავ განწყობაზეა. მან ბათუმის დათვალიერების სურვილი გამოთქვა. ტურმენეჯერები მის პრად გრაფიკს მკაცრად აკონტროლებენ, პროტოკოლის მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით, დღეს საუნდ ჩექი უნდა გაიმართოს. შეკვეთილის არენაზე 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, სცენის მოსაწყობად. დღის განმავლობაში, თუკი ამისი საშუალება იქნება, მომღერალს ქალაქს დაათვალიერებინებენ. კიდევ ერთი სურვილი, რაც ვარსკვლავმა გამოთქვა, ქართული ნაციონალური კერძების გასინჯვაა. ჯერჯერობით არ არის შერჩეული რესტორანი, სადაც საღამოს ქრისტინა აგილერა ივახშმებს, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას მედიაში არც გააჟღერებენ.

ქრისტინა აგილერამ სპეციალურად “ბლექ სი არენის“ გახსნისთვის გრანდიოზული შოუპროგრამა ჩამოიტანა, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი რეპეტიციები სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა რამდენიმე დღით ადრე კონცერტამდე.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილის დარბაზი სწორედ აგილერას კონცერტით გაიხსნება, 30 ივლისს. „ბლექ სი არენის“ კარი ღია საღამოს ხუთი საათიდან იქნება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here