19 წლის ქართველი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ევროპის სამგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სპორტს 10 წლიდან მისდევს, ამბობს, რომ ჭიდაობის გამო ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა, ახალგაზრდა სპორტსმენი მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეყვარებული არ ჰყავს. საკუთარი წარმატებების და პირადი ცხოვრების შესახებ ზვიად პატარიძე თავად გიამბობთ.
– ფიზიკურად სულ გამოვირჩეოდი, ჩემი სკოლელი დადიოდა ჭიდაობაზე, 10 წლის ასაკში მას გავყევი დარბაზში, გავიცანი ჩემი მწვრთნელი ელგუჯა მარუაშვილი, რომელმაც მითხრა თუ არ ისწავლი ვერ ივარჯიშებო და ასე დავიწყე ჭიდაობა. სულ მინდა ჩაბარება უნივერსიტეტში, მაგრამ გამოცდების დროს საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა და ვერ მოვახერხე. მინდა ეკონომისტი გამოვიდე, ძალიან მიზიდავს სტუდენტობა. წელს ცოტა რთული წელი მქონდა, რადგან მარტში ფეხი მოვიტეხე, ექიებმაც მირჩიეს არ გავსულიყავი ჩემპიონატზე, მაგრამ… სამ თვეში მომხსნეს თაბაშირი, თვენახევარი მქონდა მოსამზადებლად, დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში და მეოთხედ გავხდი ჩემპიონი. ახლა ოლიმპიადაზე გამარჯვება და დიდებში იგივე შედეგის გამეორება არის ჩემი მიზანი.
რატომ ვერ წახვედით წელს ოლიმპიადაზე?
– სალიცენზიო პერიოდში მტკიოდა ფეხი და ვერ ვიჭიდავე. წინა წლის მსოფლიო ფინალი ვისაც მოვუგე მან მესამე ადგილი აიღო ოლიმპიადაზე.
მე ვიცი რომ სხვა ქვეყნებიდან გაქვს შემოთავაზება?
– მაქვს შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მე საქართველოს დროშის ქვეშ მინდა ვიჭიდავო. ყველაფერში ხელს მიწყობენ და არ ვიცი რატომ უნდა წავიდე სხვაგან.
რომელი იყო ყველაზე რთული ეტაპი თქვენს კარიერაში?
– ყველაზე რთული კარიერის დაწყებაა, შემდეგ უკვე როცა წარმატებას აღწევ, მიღებული შედეგის შენარჩუნებაა მთავარი და რთული. ვიცი რომ ჩემპიონი ვარ და წაგება არ მეკადრება. ღმერთის წყალობით ოთხი წელია ჩემპიონი ვარ. პირველ ევროპაზეც შემეძლო მოგება, მაგრამ წამაგებინეს. ზუსტად ერთ თვეში, საკუთარ ქვეყანაში მოვუგე სერბს რომელმაც მაშინ წამაგებინა. იმ წაგებიდან წამოვიდა ყველაფერი. მაშინ ვუთხარი ჩემს მწვრთნელს დავით ბედინაძეს, თვენახევარში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები-თქო და გავხდი. როცა პირველად გავხდი ჩემპიონი ვერ ვიჯერებდი, მთელი ღამე არ მეძინა, დილით როცა მედალი და ქამარი დავინახე, ეს იყო ყველაზე ბედნიერი დილა ჩემს ცხოვრებაში. სპორტის გამო ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა და პატარა ასაკში ესეც რთულია, მაგრამ დღემდე რეჟიმში ვცხოვრობ.
შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ ვარ. ადრე ვიყავი, მაგრამ დასრულდა ის. ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდი, შემდეგ შეყვარებულები გავხდით. სიყვარულს ყურადღება სჭირდება, მე კი სულ წასული ვარ, მარტში დავშორდით ერთმანეთს, ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა, შესაძლოა ვერც მიმეღწია სპორტში იმ წარმატებისთვის რასაც მივაღწიე. მოკლედ სპორტს ვწირავ ყველაფერს.
ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
– მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობისთვის დრო არ მაქვს. თუ გოგო კარგად გამოიყურება და კარგად იქცევა ის აუცილებლად მიიქცევს ჩემს ყურადღებას. თავის გამოჩენით და აქტიურობით ჩემს ყურადღებას ვერავინ მიიქცევს.
თავისუფალ დროს როგორ ერთობი?
– როცა ვისვენებ ცოტა ვსვამ, ღამესაც ვათენებ და ა.შ. მიყვარს ღამის გართობა, მაგრამ ეს სპორტის გამო იშვიათად ხდება. იანვარში პირობას ვაძლევ ჩემს თავს, და აგვისტომდე არ ვსვამ ალკოჰოლს, კიდევ ვამბობ სანამ არ მოვიგებ წვერს არ გავიპარსავ-თქო და ა.შ. ახლა მიწევს წვერის გაპარსვა. ოთხი წელია დაბადების დღე არ გადამიხდია. სულ ვწუწუნებდი ამის გამო, ერთ წელს ჩემს დაბადების დღეს ჩემი ტანსაცმელების რეცხვით შევხვდი. წელს ფეხი მქონდა მოტეხილი ჩემს დაბადების დღეზე და ვთქვი რომ აღარ დავიწუწუნებ.
ვის უძღვნი შენს გამარჯვებებს?
– პირველად როცა მივდიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემი ძმისშვილი ელისაბედი დაიბადა, მესამე ადგილი ავიღე მაშინ და როცა დავბრუნდი, პირობა მივეცი გპირდები ოქროს მედალს ჩამოგიტან-თქო. ჩემი თილისმაა ელისაბედი, ჩემს დისშვილებს, ძმისშვილებს და სამშობლოს ვუძღვნი ყველა გამარჯვებას. ხალხის სიყვარული მაბედნიერებს, სიამაყით ვივსები როცა უცნობი ადამიანები მილოცავენ. ეს ჩემთვის დიდი სიხარულია.