2016 წელი საკმაოდ ცუდი ამბებით დაიწყო. წლის დასაწყისში კინო თუ მუსიკის სამყაროდან ისეთი ცნობილი ვარსკვლავები გარდაიცვალნენ, როგორებიც არიან – დევიდ ბოუვი და ალან რიკმანი. ამჯერად მსოფლიოს კიდევ ერთი 80-იანი წლების ვარსკვლავი პრინსი გარდაეცვალა. ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ.
57 წლის მომღერლის ცხედარი ცოტა ხნის წინ მინესოტაში მის ჩამწერ სტუდიაში აღმოაჩინეს. მომღერალი ექვსი დღის წინ ატლანტაში კონცერტების შემდეგ გრიპის ვირუსით კლინიკაში მოათავსეს. უცხოური მედიის ცნობით, ვარსკვლავი შეუძლოდ ატლანტიდან გაფრენის შემდეგ გახდა. ამის გამო თვითმფრინავი დროზე ადრე დაეშვა, თუმცა მომღერლის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ პრინსი გაციებას სახლის პირობებში მკურნალობდა.
57 წლის მომღერლის კონცერტები 21 აპრილამდე გადაიდო. თუმცა 21 აპრილი მისი გარდაცვალების დღე აღმოჩნდა. რა გახდა ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.
80-იანმა წლებმა არაერთი ლეგენდარული ვარსკვლავი დაბადა, რომლებმაც პოპი ყველაზე ნათელ მუსიკალურ ჟანრად აქციეს. მათ შორის გამორჩეული იყო პრინსი. მისი ალბომი “Dirty Mind” რომელიც 1980 წელს გამოვიდა, ახალგაზრდა მომღერალს დიდი აღიარება მოუტანა. ის თავად წერდა სიმღერებს და ალბომის პროდიუსერიც ხშირ შემთხევაში თავად იყო.
ჟურნალმა Rolling Stone-მა “1999” თავის სიაში 500 საუკეთესო ალბომს შორის 72 ადგილზე განათავსა. პრინსისთვის ასევე უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა 1984 წელს გამოსული ალბომი “Purple Rain” ამ ალბომში შემავალი სინგლები “Purple Rain” და “When Doves Cry” 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტებად მიიჩნევა.
პრინსისთვის ასევე უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა 1984 წელს გამოსული ალბომი “Purple Rain”, რომელმაც მას, 1985 წელს, გრემი მოუტანა.
პრინსი გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით და ჟანრობრივი ვარიაციით. მას დიდი გავლენა ჰქონდა 80-იანი წლების, როგორც როკზე, ისე პოპზე. ამ ჟანრში მას არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტები შეუტანია, ვიდრე ეს მაიკლ ჯექსონმა შესძლო.