14 მაისს „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი შედგება, სადაც ოთო ნემსაძეს ვიხილავთ. უკვე მეორე კვირაა, ქართველი შემსრულებელი თელ ავივში იმყოფება. მოგეხსენებათ, 2018 წელს კონკურსის გამარჯვებული ნეტა გახდა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, „ევროვიზიის“ მასპინძელი 2019 წელს ეს ქვეყანა გახდა.
შემსრულებლებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. როგორც ოთო ნემსაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა, ფიქრობს, რომ პერფორმანსის დროს ყველაფერი რიგზე იქნება, თუმცა მაინც ნერვიულობს, რადგან მის უკან საქართველოა. როგორც იცით, ოთოს გვერდს „შავნაბადას“ მომღერლები დაუმშვენებენ.
ოთო ნემსაძე:
მოსამზადებელი პერიოდი არის ძალზე რთული და დატვირთული. 4 მაისიდან თელ ავივში ვართ. დავდივართ ინტერვიუებზე, არის უამრავი რეპეტიცია. ვიყავი გახსნის ცერემონიაზე. ჩვენი გამოსვლა დღითი დღე იხვეწება, ვცდილობთ, სცენაზე მაქსიმალურად იდეალურად გამოვიდეთ.
ცვლილებები შეგაქვთ?
ჩამოტანილ მასალაში არა, მაგრამ სცენაზე ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ყოველი რეპეტიციის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს დაწვრილებით განვიხილავთ და კორექტივები შეგვაქვს იმასთან დაკავშირებით, სად როგორი ჭრა უნდა იყოს და ა.შ.