„ოქროს ტალღა“  ნიკოლოზ რაჭველთან  და „გრემის“ მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად – გრანდიოზული შოუ ფილარმონიაში!..

0
1937

ოქროს ტალღა 2018 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე იუბილარია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები 17 სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. წლის სიმღერის კატეგორიაში 127 ახლადშექმნილი ქართული სიმღერაა წარდგენილი.

„ოქროს ტალღის“ მთავარი ნომინაციის გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ: ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე და სტეფანე. ამა თუ იმ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს ნინო ქათამაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სოფო ნიჟარაძემ და სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა.

წელს „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარი იქნება ლეგენდარული მუსიკოსი, „გრემის“ ორგზის გამარჯვებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი ლიზა ფიშერი. მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე 26 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგება და ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს მაყურებელს. ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების მანძილზე ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, ჯგუფი Rolling Stones და სხვა.

ლიზა ფიშერის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით So Intense 1991 წელს გამოვიდა და მასში შესული ჰიტით How Can I Ease the Pain მუსიკოსმა „გრემი“ მიიღო რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში. საინტერესოა, რომ ლიზას კონკურენტები ამ დროს არეტა ფრანკლინი, გლედის ნაიტი და ვანესა უილიამსი იყვნენ.

სიმღერა How Can I Ease the Pain ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერი იყო. ამავე ჰიტით ლიზა Soul Train Music Awards-ის გამარჯებულიც გახდა. მორიგი „გრემი“ ლიზა ფიშერმა 2013 წელს მორგან ნევილის დოკუმეტური ფილმისთვის 20 Feet from Stardom მიიღო, რომელიც ბექ ვოკალისტების ცხოვრების შესახებ გადაიღეს. ფილმი „ოსკარის“ რიგით 86-ე ცერემონიის გამარჯვებულიც გახდა.

ლიზა ფიშერი საქართველოში „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოების სპეციალური სტუმარი იქნება. ის ქართველი მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰიტებით წარდგება. წინა დღეს კი, ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

წელს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული დაჯილდოება უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება. მსმენელი ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერების ახლებურ ვერსიებს მოისმენს, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმოადგენს. „რადიოჰოლდინგი ფორტუნა“ კი, ჟიურის წევრებთან ერთად, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯებულებს საზეიმოდ გამოავლენს.

პირველად დაჯილდოების ისტორიაში მაყურებელს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ეძლევა. „ოქროს ტალღის“დაჯილდოების ცერემონიაზე ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე დღეიდან, 23 მაისიდან დაიწყო.

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან კომპანია „თეგეტა მოტორსი“ და “m2 უძრავი ქონება”.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here