ნუცა ბუზალაძე “ავტორადიოზე“ ნინო მურღულიას საავტორო გადაცემას “VIP ზონა“ ჩაერთო და ექსკლუზიური ამბები გაანდო. მათ შორის ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც მის შემოქმედებით ცხოვრებას უკავშირდება. კერძოდ კი, როგორც ნუცა ამბობს, მალე თურქეთში გადაინაცვლებს საცხოვრებლად, სადაც იქაურ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაზე მიიღო შეთავაზება. დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერზე თურქი პროდიუსერები ზრუნავენ.
ნუცა ბუზალაძე:
“ოთხი დღეა ჩამოვედი სტამბოლიდან. ვაპირებ იქ საცხოვრებლად გადასვლას. ჯერჯერობით არ შემიძლია რაღაცების თქმა, სანამ ეთერში არ გავა. მაქვს ძალიან მაგარი სიახლე, რაც ყველა ქართველს მოეწონება და იამაყებს. ძალიან მალე გახდება ყველაფერი ცნობილი. ახლა თურქეთში პროექტისთვის გადავდივარ საცხოვრებლად, მაგრამ ნახევრად იქ ვარ გაზრდილი და სულ მინდოდა თურქეთში ცხოვრება. თან, სკოლაც დავამთავრე. თუ იქნება შესაძლებლობა და შემოთავაზებები, გამიხარდება, თუ იქ დავრჩები. რა თქმა უნდა, აქაც ვიქნები, რადგან ახლოსაა ეს ქვეყნები ერთმანეთთან და ფრენა პრობლემას არ წარმოადგენს.
პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობ, რა თქმა უნდა, მუსიკალურია. ჩემი საქმე ეს არის. ცეკვაც კარგია, მაგრამ ჩემი პროფესია სიმღერაა, მას ცეკვაც უხდება და მსახიობობაც“.
ნუცას წამყვანმა დაუსვა შეკითხვა “ახალი ტალღის“ შესახებაც, რომელიც წელს პირველად სოჭში გაიმართა.
“ოქტომბერი ძალიან საინტერესო თვე გამოდგა. სოჭში გახლდით “ახალ ტალღაზე“ რამდენიმე დღით. შეთავაზება იქაური პროდიუსერებისგან მივიღე. სხვათა შორის, სოჭი ძალიან მომეწონა. პირველად ვიყავი და ოლიმპიადის მერე ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ვფიქრობ, იურმალას ჯობია. ისეთი სცენა აქვთ, შედარებაც არ შეიძლება. მაგარი სტუმრები ჰყავდათ, ეროს რამაზოტი, რომელთანაც სამწუხაროდ, ფოტო ვერ გადავიღე და რობინ სიქი. რობინთან ფოტო გადავიღე, ორგანიზატორებმა მასთან საგრიმიოროში შემიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, გასაუბრების საშუალება ნაკლებად მომეცა“.