ნოდიკო ტატიშვილმა რიგით მესამე მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა. „ჩხიკვთა ქორწილში“ ზაქარას და „ვერის უბნის მელოდიებში“ მედროგე პავლეს შემდეგ „თბილისურ ვიდევილში“, რომლის პრემიერაც 6 ოქტომბერს, თბილისობაზე შედგა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა.
ნოდიკოსა და თიკა ფაცაციას ტანდემს მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა, განსაკუთრებით მხიარული მომენტი გამოდგა, როდესაც ნოდიკოს პერსონაჟი სცენაზე საცვლების ამარა დარჩა, რასაკვირველია, სცენარის გათვალისწინებით…
ნოდიკო ტატიშვილი:
„თბილისურ ვოდევილში“ დათო დოიაშვილმა რამდენიმე პიესა გააერთიანა, მუსიკა კი რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემმა საყვარელმა რეჟისორმა, რომლის სპექტაკლებზეც ხშირად დავდივარ მუსკომედიის თეატრში, ახალ მიუზიკლში მთავარ როლზე დამაკავა. მე და დათუნა მგელაძე ვთამაშობთ თბილისში ჩამოსულებს, მეგობრებს, რომლებმაც სომხებისგან ოთახი იქირავეს. მე ბინის მეპატრონის ცოლი შემიყვარდება, დათუნას კი მისი ქალიშვილი, რომელსაც სოფო ნიჟარაძე ასახიერებს. ჩემი პარტნიორი სცენაზე თიკა ფაცაციაა, უნიჭიერესი და არაჩვეულებრივი ადამიანი და ამ მიუზიკლში ძალიან კარგად გარდაისახა, აქცენტიც სწორად მოირგო. მის პერსონაჟს თინა ჰქვია, ჩემსას – ნოდიკო, მაგრამ ის ნოძიკოს მეძახის (იცინის).
თინას ეჭვიანი ქმარი ჰყავს და მას დაცვა ჰყავს. დაცვას ვთხოვ, როგორმე თინას ოთახში შემაპაროს, დაცვის წევრები მთხოვენ ფულს, ჩემს პერსონაჟს ფული არ აქვს, ასე რომ, ხან პიჯაკს იხდის და ხან შარვალს…