ნინო ნადირაძე და დალი ჩიტალაძე დიდი ხნის მეგობრები არიან, ერთი სანაცნობო წრე ჰყავთ, ძალიან ბევრი საერთო თვისება აქვთ და ერთი ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან. დალისთვის ნინო გაჭირვების ტალკვესია.
მეგობრებს სასტუმრო „ადამოში“ შევხვდით ინტერვიუსთვის და გავიგეთ, რა აერთიანებს ამ ორ ცნობილ ქალბატონს.
ორივე ვერძი ხართ, რამდენიმე დღის გამოტოვებით გაქვთ დაბადების დღეები. ორი ვერძის მეგობრობა როგორ გამოვიდა?
დალი:
ძალიან კარგად (იღიმის). რაღაცებით, მთავარი შტრიხებით, შემართებითა და ენერგიით ვგავართ ერთმანეთს.
ნინო:
ორივე გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ!.. ვართ ფენიქსებივით, რაც უნდა დავიფერფლოთ, მაინც აღვდგებით, ეს უნარი გვაქვს.
დალი:
2005 წლიდან ვმეგობრობთ. უკვე იმდენი წელია, მეგობრები ვართ, ყველაფერში რომ გამოცდი ადამიანს. მივიღეთ გამოცდილება ერთმანეთთან ყოფნის, როცა ადამიანს უფრო მეტად უახლოვდები.
ისეთ სფეროში ტრიალებთ, სადაც ბევრი ჭორი და ინტრიგაა. რა გამოცდებს გაუძლო თქვენმა მეგობრობამ?
ნინო:
ზუსტად იმიტომ, რომ ცხოვრებას ერთნაირად ვუყურებთ, არასდროს ვიხლართებით ინტრიგებში, სკანდალებში და საქმეების გარჩევებში. ჩვენ ეს გვეზარება.
დალი:
საერთოდ, ჩვენ გვაქვს საერთო პოზიტივი და ოპტიმიზმი და ეს გვაცოცხლებს, ფენიქსებივით გვამყოფებს. ძალიან უნდა გამიჭირდეს, რომ ვინმეს დავურეკო და დახმარება ვთხოვო. ძირითადად, როცა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ნინოს ვურეკავ დასახმარებლად. ნინო რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი მშობლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. კლინიკაში, სადაც ნინოა, ვიცი, რომ კარგად მომხედავენ. იმიტომ არ ვაქებ, რომ ნინო აქ ზის და მისი წყალობით არიან ჩემი მშობლები ცოცხლები. ვინც კი მივიდა, ჩემი რეკომენდაციით, ყველა კმაყოფილი წამოვიდა. ხომ სულ იყო, მაგრამ ახლა მით უმეტეს არის ჩემი გაჭირვების ტალკვესი.