ნინო ბოლქვაძის მიმართვა დედობილებს: „ჩემი ჯანმრთელობა იმდენად შეირყა, რომ შორს მიმავალ გეგმებს არ ვსაზღვრავ…“

0
1558

„რესპუბლიკური პარტიის“ სიით წარდგენილი პირველი ღიად ლესბოსელი პოლიტიკოსი ქალი, ნინო ბოლქვაძე „ნანუკას შოუს“ სტუმრობდა. ლგბტ თემის პრობლემებზე საუბრისას მან საკუთარ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ დაკარგა თითქმის ყველა საყვარელი ადამიანი, მეგობრები, სამსახური, რადგან მასთან არც ერთი კლიენტი აღარ მიდიოდა (ნინო ადვოკატია), დაკარგა შემოსავალი და საქმე, რომელიც ისწავლა, ახლა კი სულ სხვა სფეროშია… ნინომ ასევე აღნიშნა, რომ სექსუალური ორიენტაციის გაცხადების შემდეგ სახლ-კარიც დაკარგა და ის ორი ადამიანიც, ვინც დედის გარდაცვალების შემდეგ დედობა გაუწია.

ნინომ გადაცემის მეშვეობით სწორედ მათ მიმართა:

„დედაჩემი ძალიან ადრე გარდაიცვალა, 17 წლის ვიყავი. მას შემდეგ დედობა ორმა ადამიანმა გამიწია. მინდა, ისინი დაფიქრდნენ, რატომ შეწყდა ჩვენი კავშირი? ჩემი მხრიდან ეს ხო არ ყოფილა?! ხომ მართლა სიყვარულზე იყო აგებული ეს ურთიერთობები, რა შეიცვალა ჩემში? მანამდეც ვიყავი ლესბოსელი, სანამ ამას ვაღიარებდი საჯაროდ და მას შემდეგაც ვარ. მანამდე ხომ გიყვარდით იმდენად, რომ ყოველ ახალ წელს ერთად ვხვდებოდით, ყველა დღესასწაულზე მეძახდით, შვილებს გიტოვებდით, როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი და გამოცდები მქონდა, გიყვებოდით და გიზიარებდით ყველაზე მტკივნეულ რაღაცებს, მიტირია თქვენთან, როგორც დედა, ჩამხუტებიხართ. რა შეიცვალა, ხალხო? მე ხომ არ შევცვლიოლვარ? როგორიც ვიყავი, ისეთი ვარ. რატომ მოხდა ჩემი უარყოფა ასე სამუდამოდ?

გთხოვთ, დაფიქრდით ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა მიყურებთ. წარმოიდგინეთ თქვენი თავი,  როდესაც თქვენზე უარს ამბობენ თქვენი საყვარელი ადამიანები.

ქუჩაში ვიღაცამ რომ მცემოს, არ ექნება ისეთი ეფექტი, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანი უარმყოფს, თან – სამუდამოდ. მას მერე ჩემი ჯანმრთელობა შეირყა იმდენად, რომ შორს მიმავალ გეგმებს არ ვსაზღვრავ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი დრო, დიდი ალბათობით, არ მაქვს…“- აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here