15.8 C
Tbilisi
Thursday, September 15, 2022

ნინი ქარსელაძე: “ქართველებთან ყველაზე ახლო ერი არის რუსეთი“

მომღერალი ნინი ქარსელაძე, ბოლო დროს საქართველოში იშვიათად არის. ის ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, ამჯერად კი მოსკოვში გაემგზავრა, მისი სამომავლო გეგმები, სწორედ რუსეთს უკავშირდება, მაგრამ რას გააკეთებს იქ, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს. ნინის “მიუზიკ ბოქსი“ რუსეთში დაუკავშირდა.

– ნინი, როდის და რატომ გაემგზავრეთ მოსკოვში?

– სამი კვირის წინ წამოვედი, ზუსტად იმიტომ წამოვედი აქ, ჩემი თავი რომ ვიპოვო და თვითრეალიზება მოვახერხო. ბოლო პერიოდში სულ ძიებაში ვარ, აქ ჩამოსვლაც ამას უკავშირდება, მაისის ბოლომდე აქ ვიქნები და თუ გამოვიდა ყველაფერი, მერე საბუთებს გავაკეთებ და რუსეთში დავრჩები. ვნახოთ, რამდენად საინტეერსო შემოთავაზებები მექნება და როგორ დასრულდება მოლაპარაკებები.

– სიმღერას უკავშირდება შენი გეგმები?

– სიმღერას არ უკავშირდება ჩემი გეგმები, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ კუთხითაც იყოს სიახლეები. სიმღერა ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში და სხვა საქმეც მექნება, რომლითაც რეალიზებული ადამიანი მერქმევა.

– ვისთან ცხოვრობ მოსკოვში, ვინ გეხმარება?

– დედაჩემის მეგობარი მაია ყიფიანი და ჩემი უფროსი ძმა. შესაბამისად თავს მარტო არ ვგრძნობ,  ხელისგულზე მატარებენ ეს ადამიანები. ჩემი ცხოვრების ბოლოდმე ვერ გადავუხდი მათ ამ პატივისცემას, პირველ რიგში მაია ყიფიანს.

– რუსეთში გამგზავრების გამო, მკაცრად გაგაკრიტიკებენ, მზად ხარ ამისთვის?

– მაქვს ერთი მაგალითი, რის შემდეგ ჩემს ტვინში ყველაფერი შეიცვალა. ერთხელ დამაინტერესა და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავიკითხე, რას წერდა ხალხი ჩემი დის, ანასტასიას პირველ სატელევიზიო გამოსვლაზე, მაშინ ის ორი წლის იყო, საშინელი კომენტარები წავიკითხე. ვერც გადმოვცემ იმ ადამიანების ბოღმას, მას შემდეგ აღარ მაინტერესებს რას ილაპარაკებენ ჩემზე ასეთი ადამიანები. ბოლო რამდენიმე შემთხვევის დროს, როცა საქმე ცნობილი ადამიანების შვილების ტრაგედიას ეხებოდა, ხალხი ისეთებს წერდა, ჩემს რუსეთში წასვლაზე ვინ რას დაწერს უინტერესოა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მე ამის გამო ერის მოღალატე ვარ, კი ბატონო ვიყო ერის მოღალატე. არაა პრობლემა.

– რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდი ევროპაში, რატომ არ დარჩი იქ კარიერის ასაწყობად და რატომ აირჩიე მაინცდამაინც რუსეთი?

– ევროპა და იქაური ხალხი ჩემთან „ტვინით ახლოს არ არის“. ტრადიციებითაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე გამზარდა დედამ და ბებიამ. ჩემთვის მიუღებელი იყო ისეთი ადამიანები ვისაც მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს ამ ცხოვრებაში და ეს არის საკუთარი საქმე. ამიტომაც წამოვედი იმ ქვეყნიდან სადაც 6 საათის მერე ყველას სძინავს. მოვხვდი იმ ქალაქში, სადაც პირველ რიგში მართლმადიდებლები ცხოვრობენ, ბევრი ქართველია აქ, შესაბამისად საქართველოს ნოსტალგია ნაკლებად მაქვს. ქართველებთან ყველაზე ახლო ერი არის რუსეთი. ამიტომაც ბევრად უფრო მიიოლდება აქ ყოფნა. ასევე მნიშვნელოვანია მანძილი, ზუსტად ორ საათში თბილისში ვარ.

– საუბრისას ახსენე, რომ ევროპასთან ტვინით არ ხარ ახლოს, რას გულისხმობ ამაში?

– იყო შემთხვევა, როცა მამას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და თბილისში უნდა წამოვსულიყავი, ჩემმა ლექტორმა მითხრა რა მოხდა მერე, მე გუშინ დედა მომიკვდა და დღეს აქ ვარო. იმ დღის მერე საერთოდ აღარ მინდოდა იქ ყოფნა.

– ყველას აინტერესებს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში…

– ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც არ არის ქართველი და ვნახოთ რა იქნება.

– რუსია?

– არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.

– სიყვარულმა ხომ არ განაპირობა რუსეთში გამგზავრება?

– არა, სხვათაშორის ისედაც ხშირად ვხვდებოდით სხვადასხვა ქვეყნებში. ზოგადად თავს არ ვკარგავ სიყვარულში, ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა და ვნანობ. ბევრი შეცდომა დავუშვი მაშინ.

– რას გულისხმობ თავის დაკარგვაში?

– იყო ადამიანი ვის გამოც ინგლისში სწავლა მივატოვე და თბილისში დავბრუნდი. ამაზე დიდი შეცდომა არასდროს დამიშვია და არც დავუშვებ. ალბათ თავქარიანი ვიყავი და ამიტომ მოხდა ეს.

– როგორ მიხვდი რომ არასწორი იყო?

– ცხოვრებამ დამანახა ეგ ყველაფერი და იმ ადამიანმა. ეს ყველაფერი შეცდომა იყო, ხათუნას დახმარებით გადავიტანე ის პერიოდი. რაც გავიზარდე ხათუნა მკაცრი დედა აღარ არის, მიხვდა, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ დაუნდობელი და მკაცრი დედა იყოს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები