ნინი ბადურაშვილმა პანდემიის შემდეგ ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა – „გაზაფხულია“ ერთ თვეში მილიონჯერ ნახეს „იუთუბზე“. ნინი ამ შედეგს ელოდა და თავისი ნამუშევრით კმაყოფილია, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო მეტზე ფიქრობს. ტელევიზიაში თავს კარგად გრძნობს და დედა-შვილობაშიც ახალი აღმოჩენები აქვს. თუმცა მთავარი, რაც ახლა აღმოაჩინა, არის ის, რომ არასდროს ახლოს აღარ მოუშვებს ადამიანებს, რომლებიც მისი საშუალებით ქულებს იწერენ…
როგორც შოუბიზნესის წარმომადგენელს, კორონას მეორე ტალღის შემდეგ გამკაცრებულ რეგულაციებზე რა აზრი გაქვს?
ნინი ბადურაშვილი:
ზაფხულმა ჩემთვის კონცერტების კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა. გვქონდა დაგეგმილი ერთი კონცერტი, მაგრამ აჭარაში წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემოთავაზებები ადგილზევე მივიღე. ამ ზაფხულმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა პირადად ჩემთვის. ხალხი იმდენად მოწყურებული იყო კონცერტებს, ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა და ტევა არ იყო.
არ გეშინოდა?
ამაზე არ ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, პირბადეც მეკეთა შენობაში და წესებსაც ვიცავდი, მაგრამ კონცერტის დროს სცენაზე ამაზე არ მიფიქრია და არც სხვის კონცერტზე დასწრების დროს. მეც ხალხის იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომლებიც უბედნიერესები იყვნენ, თითქოს პატიმრობიდან გამოუშვეს. ფაქტობრივად, გაზაფხული არ გვქონია.