ნიკო ცალანი: „დარწმუნებული ვარ, „ფორტუნა პლუსის“ახალი პროექტით ახალ ვარსკვლავებს აღმოვაჩენთ!..“

0
1880

„ფორტუნა პლუსის“ წამყვანი ნიკო ცალანი ამავე რადიოს ძალიან საინტერესო ახალი პროექტის წამყვანია. კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, რვა საათზე, „ფორტუნა პლუსის„ფეისბუქ“-გვერდზე ქართული ჯგუფების, უკვე ცნობილებისა თუ ახალბედების ცოცხალი შესრულება და ინტერვიუ გელოდებათ. „EXCLUSIVE LIVE“-ს დღეს, 21 თებერვალს იხილავთ. ნიკო გვესაუბრა პროექტის შესახებ ვრცლად.

ნიკო ცალანი:

ვარ მელომანი. სულ ვფიქრობდი, გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელსაც არ ექნებოდა მხოლოდ გასართობი ხასიათი. მინდოდა, დავხმარებოდი ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე არიან – ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე ჰყავთ მცირე აუდიტორია და სურთ უფრო ფართო მსმენელამდე საკუთარი შემოქმედების მიტანა. თავიდან არ იყო ამისი ტექნიკური საშუალება. მცირე ხნის წინ კი „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერმა, რეზო კაკულიამ მომაწოდა ტექნიკურად გამართული გადაცემის იდეა, რაც ძალიან მომეწონა და დაუფიქრებლად დავთანხმდი. წლების განმავლობაში სულ მქონდა ამის სურვილი და ჩვენი პროდიუსერის დახმარებით მას ხორცი შეესხა.

გადაცემას ჰქვია „EXCLUSIVE LIVE“. ყოველ ოთხშაბათს, რადიოში გადის ჩემი გადაცემა „ექსკლუზივი“, სადაც ქართველი შემსრულებლების სიმღერების პრემიერები. გარდა ამისა, „ფორტუნა პლუსი“ მუდამ ასოცირდება ხარისხთან. ჩემი გადაცემის მეორე ნაწილში მსოფლიო ვარსკვლავების ჰიტების შესახებ ვსაუბრობ, ამ კომპოზიციებს ჩვენი კომპანია იძენს ოფიციალურად და ჩამოდის უმაღლესი ხარისხით, შესაბამისად, საავტორო უფლებები არის დაცული. ეს გადაცემა ქართველ მსმენელს აცნობს ყველა იმ სიმღერას, რომელიც შემდეგ აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში.

გადავწყვიტეთ, ამ გადაცემის დამატებითი ნაწილი ყოფილიყო ლაივ-შესრულება, რაც იქნებოდა განკუთვნილი სოცქსელისთვის. „ფეისბუქზე“ ბევრი მიმდევარი გვყავს, ძალიან აქტიურები. დარწმუნებული ვარ, ქართველი შემსრულებლების „ფეისბუქ“-ლაივები ძალიან რეიტინგული იქნება. შინაარსითაც საინტერესო გადაცემაა, ცოცხალი და უშუალო.

გადაცემაში ინტერვიუც იქნება მუსიკოსებთან?

დიახ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ ცნობილ მუსიკოსებს, არამედ ახალბედებსაც. ყველაზე დიდი პლუსი, რაც ჩვენს პროექტს აქვს, არის ის, რომ ყველა ცოცხლად მღერის და უკრავს. მელომანისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფის ან შემსრულებლის ლაივში მოსმენა. შევანაცვლებთ ერთმანეთს ცნობილ ჯგუფებს და ნაკლებად ცნობილებს.

როგორ შეიძლება მოხვედრა თქვენს გადაცემაში?

ძალიან მარტივად. ჩვენს „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდება საკონტაქტო ინფორმაცია. სტუდიის ნომერზეც შეუძლიათ შემოხმიანება, თუმცა არის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც შემსრულებლებმა უნდა დააკმაყოფილონ – ხარისხიან მუსიკას უნდა ქმნიდნენ, უნდა იყოს საინტერესო შემოქმედება. მხოლოდ თავად არ უნდა მოსწონდეს საკუთარი სიმღერა…

როგორ ფიქრობ, ახალ ვარსკვლავებს აღმოაჩენთ?

ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ (იღიმის).

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here