„ნიჭიერის“ გუშინდელ კასტინგზე, არაერთი ნიჭიერი ადამიანი გავიცანით. ზოგიერთი მათგანი ოქროს ღილაკის დახმარებით პირდაპირ ნახევარფინალში მოხვდა. გადაცემას კონკურსანტებმა, ჟიურის წევრებთან და წამყვანებთან ერთად „სქაი ბარში“ უყურეს.
18 წლის ოთო კაჭარავამ ჟიური პაროდიის ნიჭით მოხიბლა. ის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. წარსულში კალათბურთს თამაშობდა, მაგრამ სწავლის გამო „სოხუმის“ გუნდი დატოვა.
– ორი წლის წინ დავიწყე პაროდიების გაკეთება. პირველად მიხეილ სააკაშვილის პაროდია გავაკეთე, შემდეგ მომღერლების და ა.შ. პაროდიის უნარი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე საკუთარ თავში და შემდეგ უფრო დავხვეწე. სააკაშვილის ხმა ერთხელ დროის გაყვანის მიზნით გამოვიყვანე, მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა მომიწია, არ ვიცოდი დრო როგორ გამეყვანა და მეგობრებს მისი ხმით ვურეკავდი.
– ვინ გირჩიათ „ნიჭიერში“ გამოსვლა?
– მე თვითონ მივიღე ნიჭიერში გასვლის გადაწყვეტილება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ნიკა გვარამიას შეფასება. მისი ობიექტური შეფასება ჩემთვის დიდი სტიმული იყო. უკვე ვემზადები შემდეგი ნომრისთვის, სადაც უფრო განვითარებულ ნომერს წარმოვადგენ. მხოლოდ იმას გავამხელ რომ მუსიკალური ნომერი იქნება.