ნათია ფანჯიკიძე გურამ კაშიას შესახებ წერს. ის ეხმაურება იმ კამპანიას, რომელიც ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ არის მიმართული. შეგახსენებთ, კაშიას უეფას ჯილდო გადაეცემა თანასწორობის პოპულარიზაციისთვის საფეხბურთო მოედანზე და ეს პრიზი პირველად გაიცემა. ფერადი სამკლავურის ტარების გამო მან ქართული საზოგადოების ნაწილის რისხვა დაიმსახურა.
ცნობილი ფსიქოლოგი წერს:
„ხო…რა მაგის პასუხია და, გურამ კაშია ძალიან სიმპატიურია, ამასთანავე ძალიან წარმატებული, ახალგაზრდა, ჯანსაღი, არც თავისი შრომით მოპოვებული ფული აკლია და ქალებსაც მის დანახვაზე უნდებათ, რომ უფრო ლამაზები იყვნენ… რომ ვყოფილიყავი შინაგანი ხელმოცარულობის განცდით გაჟღენთილი, ალბათ მეც შემშურდებოდა მისი და “ქათამო, ქათამო! შე ქათამო!!” ავყვირდებოდი აჟიტირებული, იქნებ წავაქციო და მოვსპო-მეთქი. თუ ასეთი ლამაზები და კარგები გაქრებიან, იქნებ, ჩემი ადგილიც სადმე აღმოჩნდესმეთქი…
ამ მშვენიერ კაცს, როგორც ყველა ძლიერს, კმაყოფილს, კეთილს და ლამაზს ჩაგვრა გულს არ უხარებს და ყველა სუსტი უნდა, რომ დაცული იყოს, ტანჯვა ნაკლები უნდა რომ არსებობდეს, განა იმიტომ, რომ ანგელოზია, უბრალოდ, ნამუსიანი ადამიანია და თუ ნაკლები ტანჯვა იარსებებს, თვითონ მისცემს თავს სიცილის, კეთილდღეობის უფლებას ბევრად უფრო მშვიდი სინდისით. ძლიერებს არ უყვართ ჩაგვრა. დღეს ჰომოსექსუალების მიმართ გამოხატა, არ მიმაჩნიხართ ჩემზე ნაკლებ ადამიანებადო, ხვალ ქალებს გვეტყვის, არ მეშინია თქვენი განვითარებისო, ზეგ შიმშილის წინააღმდეგ გააკეთებს განცხადებას.. მოკლედ, მას გრძელი, საინტერესო და ღირსეული გზა აქვს წინ. მის ამ გზაზე გაწოლა და ფეხების ბაკუნი, არიქა, იქნებ მომენტია, რომ დედა ვუტიროთ და არ გამოვტოვოთ შესაძლებლობაო, უბრალოდ, უხერხულია. სასაცილოც. ზოგადად, ბოროტება და აგრესია ხომ სასაცილოა თავისი არსით? ბრაზიანი სახეა ჯერ როგორი სასაცილო, სარკე უნდა მიუტანო ამ დროს ადამიანს და თვითონაც გაეცინება“.