20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

„ნანუკას შოუს“ გეი სტუმარი: „ამ გადაცემის მიჭრილ-მოჭრილი იდიოტობის კრიტიკის თავი აღარ მაქვს…“

„ნანუკას შოუს“ გუშინდელი გადაცემა ლგბტ თემის პრობლემებს მიეძღვნა. როგორც ნანუკამ აღნიშნა, „რუსთავი 2“ იქნება პირველი არხი, რომელიც ლგბტ პირებს ეთერში წამყვანებად დასვამს და უმცირესობების თემას გადაცემას მიუძღვნის. ამაზე სასაუბროდ ამ თემის წარმომადგენლები, ასევე არხის დირექტორი ნიკა გვარამია და სპორტსმენი დათო ქაცარავა შეიკრიბნენ.

მათ შორის ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ კობა ბიწაძე, რომელიც ღიად საუბრობს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, კობა ბიწაძემ ვრცელი სტატუსი დაწერა და აღნიშნა, რომ დედამისს ახლობლები და ე.წ. კეთილიმსურველები ურეკავენ… ასევე ის დასძენს, რომ „ნანუკას შოუში“ მისი საუბარი „მიჭრილ-მოჭრილი“ იყო.

გთავაზობთ სრულად კობა ბიწაძის პოსტს:

„ახლა ვარ ყველაზე ცუდად. დედა, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, ვის გამოც ამ ჩამყაყებული ქვეყნიდან არ ვფიქრობ წასვლაზე და მშვიდად ცხოვრებაზე, მეუბნება რომ თავს ვჭრი და არ უნდა ვიყო საჯარო. ამის მიზეზი კი ის არის, თუ რას იფიქრებენ სხვები. ეშინია, რომ სამსახურიდან გამოაგდებენ ჩემს გამო, ეშინია, რომ ქუჩაში მიცნობენ და მომკლავენ, ეშინია, რომ ამის გამო მომავალი არ მაქვს და ა.შ.

როცა ოჯახმა ჩემი სექსულური ორიენტაციის შესახებ გაიგო, დიდი გზა გავიარეთ ერთად. ბევრი ჩავარდნებით, მაგრამ მაინც მივიწევდით წინ, რომ არა დედის ეს აკვიატებული სირცხვილის იდეა იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. და ეს სირცხვილის განცდა, რომელიც იმ შიშებს უკავშირდება, რაც მას აწუხებს, სულაც არ არის თითიდან გამოწოვილი სისულელე. პირველივე კადრში გამოჩენისთანავე, უკვე ატეხეს ვიღაცებმა მასთან რეკვა, კიდევ ერთხელ რომ დაარცხვინონ ჩემ გამო და „კეთილი რჩევები“ მისცენ იმაზე, რომ მე ექიმი მჭირდება.

ვახ დედა, როგორ მიკვდება გული, მუდმივად ვუმეორებ, რომ პრობლემის ფოკუსი გაასწოროს და პრობლემა ჩემში კი არა, იმ ადამიანებში ეძებოს, ვინც ჩემ გამო მის დარცხვენას ცდილობს. მაგრამ რა გააკეთოს? ყველაზე მეტად ამ ფოკუსის გასწორების ეშინია, რადგან დამოკიდებულია მის სამსახურზე, იმით არჩენს თავს და ოჯახის სხვა წევრებს, იმით ყიდულობს წამლებს… მართლა რომ გამოაგდონ, სად უნდა წავიდეს? რა უნდა გააკეთოს? დამოკიდებულია მის ნათესავებზე და მეგობრებზე, რადგან მარტო ხომ ვერ დარჩება ოთხ კედელში გამოკეტილი? თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ენალაქია „კეთილის მოსურნეებთან” დაპირისპირების ეშინია, რადგან ამას ვერ შეძლებს და ამ სიტუაციაში ის ჩემზე მეტად მოწყვლადია. მე ენა მაინც მაქვს გასლექილი.

ეხ, დედა, როგორ მინდა გვესმოდეს ერთმანეთის. მეც არ მესმის, ჰო, ჯიუტად და თავხედად ვამბობ, რომ მე არ მეშინია და მკიდია, რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ვიცი, რომ ჩემი გამოჩენა სადმე საჯაროდ შენც გაყენებს ზიანს 🙁

არ ვიცი…. განა არ შეიძლება, ჩემით იამაყოს? განა, არ არსებობს გზები, რითაც ამ შიშებს მოვაშორებ? სად წავიყვანო? მოშორდება კი იმ გარემოს, სადაც მამის საფლავია? 🙁

პ.ს. ამ გადაცემის მიჭრილ-მოჭრილი იდიოტ„ობის კრიტიკის თავი აღარ მაქვს, როცა ატირებული დედა მირეკავს და მეშინია, რამე არ დაემართოს. გადაეცით იმ იდიოტ პრივილეგირებულებს, ვინც იქ იჯდა ჩემთან ერთად და მიმტკიცებდა, რომ არავინ იჩაგრებაო, რომ ყველას არ უმართლებს და მე სულაც არ მინდა ჩაგვრა ჩემი ბედისწერა იყოს!

ვინც დედას ურეკავთ და ცდილობთ, გული გაუხეთქოთ და მომიკლათ და ამ სტატუსსაც ჩასაფრებული ელოდებით, გეყოთ თქვენი თავხედური გამოხდომებით! შეწყვიტეთ ენების ტრიალი! ჰო, ასეთი ვარ და შეეგუეთ ამას! ნუ ტეხავთ პანიკებს! ჰო, არ ვიცვლები და ვერ შევიცვლები! ჰო, ასეთი ვიყავი მანამდეც, სანამ ამას გაიგებდით! დაფიქრდით და პრობლემა თქვენს ჰომოფობიაში ეძებეთ!“

Latest Posts

ბოლო სიახლეები