24.8 C
Tbilisi
Thursday, August 4, 2022

ნანუკა ჟორჟოლიანი გია ჯაჯანიძეს: “ვის ვატყუებთ? მაყურებელს?“

ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ არასდროს შეუყვანია მაყურებელი შეცდომაში და როდესაც გადაცემის ავტორი ამბობს, რომ მისი გადაცემა რეიტინგულია, ეს რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

“არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია, რომ უნდა თქვა სიმართლე, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა “პროფილი“ იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.

გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა “ნანუკას შოუ“. ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ და ვინ იცის რა იქნება.

ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, “ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა“ და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე, ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი 🙂

რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ, მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.

მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად, მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.
მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე…“ – აღნიშნავს ტელეწამყვანი.
სავარაუდოდ, ის გია ჯაჯანიძის გადაცემას გულისხმობს. “სხვა რაკურსის“ წამყვანი ინდოელ მსახიობ, გაურავ ჩოპრას, ანუ როგორც სერიალის მაყურებლები იცნობენ, მისტერ რათხოდს, აეროპორტში დახვდა, ვინაიდან ის მისი გადაცემის სტუმარი გახლდათ და მისალმების შემდეგ განუცხადა, რომ ის საქართველოში ყველაზე რეიტინგული გადაცემის სტუმარია.

ნანუკა ჟორჟოლიანის ამ მოსაზრებას გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე და დაწერა: “იშვიათად ვუყურებ, მაგრამ გამიგია ფრაზა: “ყველაზე რეიტინგული“, რომ მეგონა, საერთოდ არავინ უყურებდა და გავოცებულვარ და გამცინებია…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები