ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 21 ივლისს 85 წელი უსრულდება. შესანიშნავი მომღერლისა და ქალბატონის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნება, სადაც თავად წარდგება მაყურებლის წინაშე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად. კონცერტებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიებას ორგანიზებას მთლიანად გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა. მისი თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ექსკლუზიურად გვიყვება დეტალების შესახებ.
ბატონო დავით, როგორ აპირებთ ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილეს აღნიშვნას?
დათო ოქიტაშვილი:
ქალბატონ ნანის უსრულდება 85 წელი. ეს არ არის პატარა თარიღი და გვინდა, ლეგენდარული მომღერალი ისე დავაფასოთ, რისი ღირსიც ის გახლავთ. იუბილეს აღნიშვნა დაიწყება წინანდლიდან, სადაც ველოდებით ბევრ მუსიკოსს, იქნება უამრავი სტუმარი და ძალიან დიდი სიურპრიზი, რომლის გამხელის უფლებაც ჯერ არ მაქვს. კონცერტი გაიმართება ბათუმშიც, სექტემბრის დასაწყისში კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადმოვინაცვლებთ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ეს კონცერტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნება შემადგენლობით, მრავალფეროვნებითა და პროგრამით.
ასევე ჩვენ ვგეგმავთ ქალბატონი ნანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გამართვას, სადაც მისი სურათები, საკონცერტო სამოსი იქნება წარმოდგენილი.
გუშინ პირველად შევიკრიბეთ, ქალბატონ ნანისთან სახლში და დავიწყეთ მზადება.
ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით. მინდა, გამორჩეულად დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აჭარის მთავრობას, კახეთის გუბერნიას და საქპატენტს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ ღონისძიებაში.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც მუდამ დგას ქართველო ხელოვანებისა და ქართული საქმის გვერდით და ახლაც, ამ კონცერტების სერიის მედიამხარდამჭერი იქნება.
ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა იუბილეს მხარდაჭერის სურვილი. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დარბაზი ხუთასკაციანია, ჩვენ მხოლოდ ნახევარს მივცემთ დასწრების უფლებას. რამდენიმე ტელევიზიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ამ კონცერტების პირდაპირი ტრანსლირება შედგეს.