ყველაზე ქართული და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეპროექტის „მხოლოდ ქართულის“, რადიო პარტნიორები, როგორც უკვე იცით, რადიო „ფორტუნა“ და „არ დაიდარდოა“. შესაბამისად მედიაჰოლდინგ ფორტუნას წარმომადგენლები ყოველ ორშაბათს საღამოს 22:00 საათზე რუსთაველის თეატრში ვიმყოფებით, რათა მოგიყვეთ მონაწილეების ემოციების შესახებ და გაგაცნოთ ჟიურის წევრების კომენტარები და პროგნოზები.
მე-6 ლაივკონცერტი წინამორბედების მსგავსად ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო. ლაივი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ამ ორშაბათს არც ერთ კონკურსანტს პროექტი არ დაუტოვებია. მონაწილეებმა მხოლოდ პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. კონცერტი მთლიანად მიეძღვნა ჩვენი დროის თავდადებულ გმირებს, არჩილ ტატუნაშვილს, გიორგი ანწუხელიძეს, გიგა ოთხოზორიას და სხვა გმირებს. მაყურებელმა კი კონცერტის დაწყებამდე მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
კონცერტის დაწყებამდე ჟურის წევრებს ვკითხეთ თუ რას ფიქრობდნენ პროექტის შესახებ, რა მოლოდინები ჰქონდათ და რამდენად მკაცრი და მომთხოვნები იქნებოდნენ კონკრეტულ ტურთან დაკავშირებით
ლელა წურწუმია – „დღეს საკმაოდ რთული ტურია, ჩვენი ახალგაზრდა მონაწილეები, პატრიოტულ სიმღერებს შეასრულებენ და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მძაფრდება მოლოდინი, პატრიოტული სიმღერა რთული შესასრულებელია, ეს თუ არ შეისისხლხორცე და არ გაითავისე ის რაც გინდა, ვერ გამოვა.. ამ ბავშვებმა უკვე კარგად იციან, რა არის ქართული სიმღერა, იციან რა არის სამშობლო და შესაბამისად მე მგონია, რომ მათ არ გაუჭირდებათ ამ სიმღერების შესრულება, სიმართლე გითხრათ ცოტას მაინც ვნერვიულოობ, მე არ მიყვარს კონკურსები და ზოგადად კონკურსი არის ძალიან რთული. რადგან გარდა იმისა, რომ შენ გაფასებს მაყურებელი, გაფასებს, კიდევ კონკრეტული ადამიანი, ამის გამო კი განცდა და ღელვა უფრო მეტია. თუმცა, ჟიური ეხმარება კონკურსანტს, რომ უფრო გაიზარდოს, უფრო მეტად გაითვალისწინოს პროფესიონალი ადამიანებისაგან რჩევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის არის კარგი. ისინი კი უკვე ძალიან გაზრდილები და ძალიან შეცვლილები არიან. დგომის მანერაც კი უკვე სხვანაირი აქვთ. კარგი გაგებით ვამბობ, რომ რუსთაველის თეატრში ეს მონაწილეები ქუჩიდან მოვიდნენ და ეს უკვე ძალიან დიდი ნახტომია. ასე,რომ კონკურსი ეს ისეთი რაღაცაა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! როცა ვიღაც ტოვებს პროექტს, შემდეგ მაყურებელს შარშანდელი თოვლივით ავიწყდება ან პირიქით, თუკი ადრე ტოვებს მონაწილე პროექტს, მაყურებლისთვის ის ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელ მონაწილედ რჩება. ასე, რომ ჯერ ვერ განვსაზღვრავთ ვერაფერს. მე ზოგადად მკაცრი არ ვარ, მაგრამ რაღაც მოთხოვნები მაქვს, ძირითადი მოთოვნა კი ჩემთვის ემოციაა. არიან ადამიანები ვისაც შეიძლება ვერ აპატიო არასწორი ნოტი, ან პირიქით, აპატიო იმიტომ, რომ ემოცია საკმაოდ კარგად და სწორად მოაქვს. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებაც და შემოქმედებაც სწორედ ეს არის, რამდენად მომაწონებ თავს, რამდენად მომცემ იმ ემოციას და რამდენად გულწრფელი იქნები. თუ ამას ახერხებს არტისტი ე.ი ის შემდგარია.“
გიორგი გაბუნია – „ვფიქრობ გამარჯვებაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ დარჩენილი 5 კონკურსანტი, პოტენციური გამარჯვებულები არიან, მოდი თავს შევიკავებ და ფავორიტს არ დავაკონკრეტებ. თუმცა, ყველაზე მაღალ ქულებს ვისთანაც ვწერ, მასზე ვფიქრობ, რომ ის ყველაზე რეალური კანდიდატია გამარჯვებისთვის, თვითონ მაყურებელმა ნახოს და მიხვდებიან. არ მინდა ასე ხმამაღლა ფავორიტის გამორჩევა, რადგან კონკურსანტები იცვლებიან, ხშირად გვაქვს ხოლმე სიურპრიზები. ხდება ხოლმე, რომ კონცერტებიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული მოლოდინი გქონდეს შემსრულებლისგან, მაგრამ უცბათ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ ამოგიტრიალოს წარმოდგენა, ასე, რომ მაინც ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. მე ძალიან დიდ სიურპრიზებს და ამოტრიალებას არ ველოდები , მაგრამ გამორიცხული არც ესაა. ყველა კონკურსანტი არ გაზრდილა. არიან ისეთები რომლებსაც აშკარა პროგრესი და გაზრდა ეტყობათ, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც პროექტამდე, როგორებიც იყვნენ ისევ იმ ეტაპზე დარჩნენ. რა თქმა უნდა ძალიან კარგია როცა ვითარდება კონკურსანტი, ამ შემთხვევაში თუნდაც გამარჯვება, რომ ვერ მოახერხოს ასეთმა კონკურსანტმა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ მასში იმ პოტენციალს და ხვდები რომ კონკურს მიღმა მას შეუძლია გააგრძელოს ეს საქმიანობა. ასე რომ ვთქვათ, მათ უნდა მიხედონ საკუთარ თავს, რადგან გვერდიდან მიმხედავი ჩვენს ქვეყანაში, მუსიკალურ სფეროში სამწუხაროდ ჯერ არავინაა. სწორედ ასეთმა გაზრდილმა კონკურსანტმა მინდა, რომ გაიმარჯვოს.
გიორგი უშიკიშვილი: კონკურსი ძალიან საინტერესოა, კონკურსანტები დღითიდღე უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან, ჟიურის მოთხოვნებიც იზრდება და შესაბამისად ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონკურსის მოლოდინი ძალიან დიდია. გამარჯვებული კი სწორედ ის იქნება, ვინც ჟიურის და მაყურებლის სიმპათიებს დაიმსახურებს.
მარინა ბერიძე: ყოველი ტურის წინ ვღელავ, რადგან ძალიან დიდი მისია გვაკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეს არის სრულიად განსხვავებული ტური . ჩემთვის მონაწილეების გაზრდის პროცესია, ყველაზე საინტერესო, თუ ვინ როგორ იზრდება. კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია, რომელიც ჟიურის წევრებში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მან მე-6 ლაივ კონცერტზე მორის ფოცხიშვილის სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ საკმაოდ ემოციურად შეასრულა.
სოფო ბათილაშვილი – როდესაც სცენაზე ვიდექი, თავში წამიერად გამიელვა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებმა, ამ ემოციამ შემძრა და სრულიად მომიცვა , სიმართლე გითხრათ არც მახსოვს რა მოხდა, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემათ.
როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს კონკურსანტებმა სიმღერები, ბენდთან ერთად, საკმაოდ ემოციურად და დიდი სულისკვეთებით შეასრულეს. მე-6 ლაივ კონცერტმა კი საკმაოდ კარგად ჩაიარა. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა კიდევ ერთი შანსი მისცა მონაწილეებს და ბოლო კონკურსი არც ერთ კონკურსანტს არ დაუტოვებია.