ერთი დღისთვის შექმნილი პროექტი დღეს უკვე მე-18-დ ტარდება. მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით „მეხსიერების ბარათი“ უკვე წლებია ქართული და უცხოური კინომუსიკის შედევრების მოსმენის საშუალებას გვაძლევს. კონცერტს ხელოვანთა კავშირმა „კონცეპტ-არტმა“ და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისული სტუმრების წინაშე კი 2018 წლის სპეციალური სტუმრები, ქართველი მუსიკოსი ნინო ქათამაძე და მსოფლიოში აღიარებული აკორდეონისტი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარსდგნენ.