რეპერმა მასტერმა შეყვარებულთან შესარიგებელი სიმღერა მას შემდეგ დაწერა, რაც თავად შეყვარებულს დაშორდა. როგორც გიორგი პავლიაშვილმა გვითხრა, მათი შერიგების შანსი ნაკლებია, მაგრამ იმედი აქვს, რომ სიმღერა „ნეკი-ნეკისა“ სხვა დაშორებულ ადამიანებს შეარიგებს ერთმანეთს.
კლიპის პრეზენტაცია ნათია დუმბაძისა და მასტერის ერთობლივ მეორე დუეტზე „დორსში“ 21 ნოემბერს, ხალხმრავლობაში შედგა. ნათია გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ საღამოს, ფაქტობრივად, ყველა დაესწრო, ვინც დაპატიჟეს. სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ დღეს მომღერალმა დაბადების დღე აღნიშნა.
ნათია დუმბაძე:
პირველივე სიმღერის ჩაწერისას გაჩნდა იდეა, რომ მეორე დუეტიც ჩაგვეწერა. იმდენად კარგი გამოვიდა სიმღერა და ჩვენი ხმებიც იმდენად მოუხდა ერთმანეთს… გარდა ამისა, დავმეგობრდით და რაც მთავარია, საქმეში გავუგეთ ერთმანეთს, მარტო მეგობრობა ხომ არაა… მეორე დუეტზე თავიდანვე გვეფიქრებოდა, მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ „პროფილმა“ გვთხოვა, საახალწლო დუეტი ჩავწეროთ მათთვის (იცინის). გიორგი გაიქცა. აღარ მინდაო…
რატომ?
მე სულ ვაჩქარებ. მე მიყვარს, როცა ერთი კვირით ადრე მზად არის ყველაფერი. სულ ვახსენებ, რამდენი დღე დარჩა. ამისგან კი ძალიან დაიღალა.
გაქვთ მეორე დუეტის გაჰიტების მოლოდინიც?
გვაქვს იმედი. პირველს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მეორეც გვგონია, არანაკლებად პოპულარული იქნება.
მასტერი:
მესამე დუეტზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით (იცინის)
როგორ არა? ნათიამ მითხრა ინტერვიუში…
შესაძლოა, საახალწლო პროექტისთვის გავაკეთოთ, მაგრამ ახლა ისე ვართ, ერთმანეთს ვთხოვთ, ცოტა ხანს არ დამირეკოო, კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ გვინდა ერთმანეთისგან დავისვენოთ (იცინის). ხუმრობას თუ თავს დავანებებთ, იმდენად კარგად ვუგებთ მუსიკალურად ერთმანეთს, რომ არ გაგიკვირდეთ, კიდევ ვითანამშრომლოთ.