მომღერალ მაკა ზამბახიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდა. როდესაც მისალოცად დავურეკეთ, ცოტა მოწყენილი დაგვხვდა, როგორც ყველა მისი კოლეგა. ფინანსური თემის გარდა, მაკასთვის სცენასთან ასეთი დიდხნიანი გამომშვიდობებაა დიდი პრობლემა… ამის გამო ცოტა ჯანმრთელობაც დაუზიანდა, თუმცა ახლა მკურნალობის პროცესშია. მალე ახალ კლიპს შემოგვთავაზებს. ამ ყველაფრის შესახებ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.
მაკა, გილოცავთ დაბადების დღეს. როგორ გრძნობ თავს?
დიდი მადლობა. ცოტა მოწყენილად, მართალი გითხრათ… საკუთარ პროფესიას იძულებით ვარ ჩამოშორებული. სექტემბრის მერე ერთი ლარი არ მიშოვია და არ ვიცი, რა არის ჰონორარი. ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ფინანსების საკითხი კიდევ ცალკეა, მაგრამ იმასაც განვიცდი, რომ ამის შემდეგ კონცერტი თუ მექნება, ახალი განცდებით ვიქნები. ჩვენი პროფესია ხომ იცი, როგორაა, თუ ჩამოშორდი, სცენა ისე ამოგაყირავებს, შეიძლება შენი თავი ვერ იცნო. ყველასთვის ცნობილია ჩვენი აქტიურობა და ასე ყოფნა აქტიური ადამიანებისთვის ორმაგად ძნელია…
დაბადების დღეს არ აღნიშნავ?
დღეს, კომენდანტის საათის ამბავში რა უნდა აღვნიშნო. სახლში ვარ, ვინც მოვა, მათთან ერთად გავატარებ ამ დღეს. მეგობრებმა იციან, რომ სახლში ვარ. ვისაც რა დროს მოუნდება, ისე ამოვა.