ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე”, კომპანია “სოკართან” და “იმედთან” ერთად გუშინ, 28 დეკემბერს, საახალწლო გალაკონცერტი გამართა. ფონდის რამდენიმე ბენეფიციარისთვის ეს გადამწყვეტი დღე გახლდათ, რადგან შესული თანხით მათი საკმაოდ მძიმე დაავადებების მკურნალობა თუ ოპერაციები უნდა დაფინანსდეს.
საღამოს გასამართად ქართველი და უცხოელი შემსრულებლები გაერთიანდნენ, ნინო სურგულაძემ რამდენიმე ქართული სიმღერის ახალი ვერსია შეასრულა, საინტერესო კოლაბორაციები ვიხილეთ შოტლანდიელ და ქართველ მუსიკოსებს შორის… საღამოზე გამოვიდნენ ანსამბლები “რუსთავი”, “გეორგიკა”, “ირიაო”, “ბასიანი”, მომღერალი სოფო კაკულია, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი. შოტლანდიიდან საქართველოს სტუმრობდა სპად დი ფაიფერი, ასევე ქალთა საოპერო ტრიო “ლეს დივას”, პიანისტი ოლივერ პული და სხვები.
საღამოს მსვლელობისას დაახლოებით 55 000 ზარი შევიდა, ასევე კერძო შემოწირულობებიც, ვნახეთ სიუჟეტები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც დახმარებას ელოდნენ.
კონცერტის ბოლოს სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, რომელმაც ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა… შემდეგ კი სიურპრიზი ვიხილეთ და მოვისმინეთ მისი მონაწილეობით. როცა სცენაზე ყველა მუსიკოსი საფინალო სიმღერის, რევაზ ლაღიძის თბილისოს შესასრულებლად გამოვიდა, მათთან ერთად პირველი ლედიც გამოჩნდა, რომელმაც “თბილისოს” რამდენიმე სტრიქონი თავად შეასრულა და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რასაკვირველია, მეუღლისგანაც, პრეზიდენტი დარბაზში იჯდა…
საღამო დასრულდა, თუმცა ფონდი საქმიანობას განაგრძობს ბენეფიციარების დასახმარებლად.
ნინო მურღულია