მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა – “მისმა მეუღლემ მის საფლავზე მოიკლა თავი…“

0
86

კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ხუთი წლის წინ დაწერა სიმღერა, რომელიც ჩანაწერის სახით მხოლოდ ახლა იხილავს მზის სინათლეს. ის ვერიკო ტურაშვილმა შეასრულა… კომპოზიტორმა სიმღერა გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა…

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

როგორ დავიწყო ამ ამბის მოყოლა?.. 2003 წლის 6 ივნისს გავთხოვდი. 8 ივნისს ჩემი ბავშვობის მეგობარს, ლელა ჩხაიძეს ქორწილი უნდა ჰქონოდა… ჩემი გათხოვების დღეს ვურეკავდი, რომ მისთვის ეს ამბავი მეთქვა. მასთან დარეკვა ვერ მოვახერხე. ზუსტად იმ წუთებში თურმე იღუპებოდა. ქმართან ერთად იჯდა მანქანაში, ორსულად იყო… ერთ დღეს დამატყდა თავს ბედნიერებაც და უბედურებაც. ბევრმა იცის ეს ამბავი. ამ დღიდან 40 დღის შემდეგ, მისმა მეუღლემ ლელას საფლავზე მოიკლა თავი.

ლელა ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარი იყო. მე ხომ სულ ბიჭებთან ვმეგობრობ. მას ხუთი წლის წინ დავუწერე ეს სიმღერა და მივუძღვენი – “ვიცი, რომ აღარ მოხვალ“, ალბათ, ასე დავარქმევ. ვერიკო ტურაშვილს მივანდე ეს ლამაზი სიმღერა, რომ უფრო გაელამაზებინა…

თავად რატომ არ შეასრულე?

მე და ლელა ერთად ვიყავით ბათუმში, ანსამბლში “ზღვის შვილები“. ანსამბლის იუბილეზე როიალთან შევასრულე ეს სიმღერა ერთადერთხელ, ამისი ჩანაწერი არ მაქვს. მინდოდა, ვერიკოს შეესრულებინა…

სიმღერა ჩავწერეთ თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში. რეპერი ძვალი და თემური აბალანსებენ, ფონოგრამა ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ტექსტი და მელოდია ჩემი გახლავთ.

სამ დღეში სიმღერა უკვე მზად იქნება და მსმენელი შეძლებს მოსმენას.

მაიკო, ვიცი, რომ გარდა ამ სიმღერისა, შენი სხვა სიმღერებიც იწერება.

დავუწერე სიმღერები სალომე ბაკურაძესა და დათუნა მგელაძეს და უნდა ჩაიწეროს უკვე, ნოდიკო ტატიშვილსაც ვუწერ სიმღერას. ვმუშაობ ქრისტინე იმედაძის ალბომზე. მაქვს კიდევ ერთი სიახლე – როგორც იცით, მოსწავლეები არ ამყავს, მაგრამ ავიყვანე ერთი გოგონა, 21 წლის უნიჭიერესი გოგონა, მარიამ კაპანაძე. თან ვამეცადინებ, თან მის რეპერტუარზე ვმუშაობ. დავუწერე პირველი სიმღერაც, რომელიც არ ჰგავს ჩემს სხვა ნამუშევრებს. მინდა, რომ როცა მას წარვადგენ, ხალხისგან დადებითი შეფასებები მივიღო. მის პირველ ნამუშევარს აპრილის თვეში მოისმენთ.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here