10.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

მაიკო კაჭკაჭიშვილის საავტორო კონცერტზე მთელი ქართული შოუბიზნესი წარდგება

მაიკო კაჭკაჭიშვილი 21 მაისს „ოტიუმში“ საავტორო კონცერტს მართავს. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორის კონცერტი ბოლოს დიდი მასშტაბით 2007 წელს ფილარმონიაში შედგა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ იმ ჰიტებთან ერთად, რომლებიც მსმენელმა შეიყვარა, შესრულდება ახალი სიმღერების პრემიერებიც. ახალ კომპოზიციებს, რომლებიც მაიკომ დაწერა, ნოდიკო ტატიშვილი და ქრისტინე იმედაძე შეასრულებენ. თუმცა მომღერლების სია, ვინც მაიკოს მიერ შექმნილ ჰიტებს ასრულებდა სხვადასხვა დროს, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტზე მთელი ქართული შოუბიზნესი წარდგება. ჩამონათვალი ასეთია: ლელა წურწუმია, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე, მარიკა თხელიძე, ძვალი, „ქუჩის ბიჭები“, აჩიკო მეფარიძე, დათუნა ლაზარიშვილი, ვერიკო ტურაშვილი, თიკა ჯამბურია, თიკა მახალდიანი, ანრი ჯოხაძე, ეკა კახიანი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

მსმენელებს 21 მაისს, 21 საათზე, „ოტიუმში“ ველოდებით. კონცერტის სახელწოდებაა „ჩემო თბილის-ქალაქო“, დევიზი კი: „ერთად გავფანტოთ ღამის სიჩუმე“ (იცინის). 2002 წელს დაწერილი ეს სიმღერა 2017 წელს მეორედ გახდა პოპულარული, რაც გასაკვირია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

ბოლოს ასეთი დიდი კონცერტი, სადაც ამდენი შემსრულებელი მონაწილეობდა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა, 2007 წელს.

თავად რას შეგვისრულებ?

მე სამ სიმღერას ვიმღერებ, დუეტებს ძვალთან, რატი დურგლიშვილთან და ასევე დათუნა მგელაძესა და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად, რომელიც ივანა მელაისა და ბიჭებისთვის დავწერე, მაგრამ ივანა აშშ-შია, ამიტომაც სიმღერას თავად შევასრულებ. იქნება პრემიერები და შესრულდება ჩემი ჰიტები, რომლებიც სხვადასხვა დროს დავწერე.

ისე, დაგითვლია, სულ რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი?

მთელი ცხოვრების განმავლობაში (იცინის)? არა, არ დამითვლია, მაგრამ ძალიან ბევრია. რამდენიმე ასეულს დიდი ხანია, გადააჭარბა…

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები