ორგზის „გრემის“ მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი, ლიზა ფიშერი საქართველოში 24 ივნისს ჩამოფრინდა, ის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების, „ოქროს ტალღის“ სტუმარი იქნება და 26 ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვა.
დღეს მუსიკომედიის თეატრში ლიზა ფიშერი რეპეტიციის გასავლელად მივიდა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ორკესტრთან და მაესტრო რაჭველთან ერთად ის ხვალინდელი პროგრამიდან კომპოზიციებს გადის.
ლიზა ფიშერი:
ჩვენ უნდა გავუზიაროთ მუსიკა მსმენელს და ერთ გულისცემას უნდა ავყვეთ. როცა თვითმფრინავიდან ჩამოვედით, მე და ჯეისიმ ვიგრძენით ქართველი ხალხის სითბო, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაოცებდა, რადგან აქ რამდენიმე წლის წინ ნამყოფი ვარ…
ეს იქნება ჩვენთვის საჩუქარი, უნდა გავიზიაროთ ჟღერადობა, ამას ველოდები ძალიან…
რას შევასრულებ, ამას დავტოვებ სიურპრიზად. ეს იქნება სიმღერები, რომლებიც ხალხმა კარგად იცის, მათი გაორკესტრებული ვერსიები შესრულდება, ეს არის ჩვენი საორკესტრო შოუს მოკლე ვერსია. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი რეპეტიციით და ძალიან ველოდები ხვალინდელ შოუს.
ნიკოლოზ რაჭველი:
ძალიან გახარებული ვარ, ვინაიდან ჩემი და ლიზას დიდი ხნის ნატვრა ახდა და ჩვენ თბილისში ეროვნულ ორკესტრთან ერთად შევასრულებთ რამდენიმე სიმღერას „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, რადიო „ფორტუნას“ ეგიდით, რომელმაც მეც და ლიზასაც ეს დიდი სურვილიო აგვიხდინეს. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშიორებდა და ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც რადიო „ფორტუნა“. „ოქროს ტალღის“ პირველივე დღიდან ვარ ჩართული ამ ცერემონიალში. მინდა, დროთა განმავლობაში გახდეს უმნიშვნელოვანესი, ახლაც, რასაკვირველია, არის და მსურს, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინოს, ამ გზაზე კი ეს კონცერტი ერთი დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია.