ლენი კრავიცი ევროტურს თბილისიდან დაიწყებს – რატომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა

0
728

„საქართველოს ბანკი“ და Solo, პირველ რიგში, საკუთარ მომხმარებლებს და ზოგადად, ქართველ მელომანებს ძალიან დიდ საჩუქარს გაუკეთებს. 2020 წლის 31 მაისს, საქართველოს ეწვევა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი, ბოლო ათწლეულების ბრწყინვალე მუსიკოსი, ლენი კრავიცი.

როგორც დღეს, Solo-ში გამართული პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, ლენი კრავიცთან მოლაპარაკებებს ქართული მხარე ბოლო რამდენიმე წელიწადია, აქტიურად აწარმოებდა. თავიდან, არტისტის დათანხმება გაუჭირდათ, თუმცა ორი წელია, ლენი კრავიცის მენეჯმენტი კონკრეტულ მოლაპარაკებებზე წამოვიდა. არტისტის მხარისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა მსოფლიო ვარსკვლავების ის ჩამონათვალი, რომლებსაც ამა თუ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში კონცერტები გაუმართავთ.

და გადაწყდა… ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროექტს საკუთარ თავზე მთლიანად Solo იღებს, სახელმწიფო ამ პროექტში არ მონაწილეობს.

ლენი კრავიცი თბილისს,  მსოფლიო ტურნეს – “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.

როკი, ფანკი, ბლუზი, სოული – ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან “RAISE VIBRATION”, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი  მუსიკალური კარიერიდან.

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ,  TKT.Ge-ზე  tkt.ge/LennyKravitz

SOLO  CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ.  26 დეკემბრიდან  კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის  95 ლარიდან დაიწყება.

ეთერ ირემაძე, Solo-ს მიმართულების ხელმძღვანელი:

როგორც იცით, Solo უკვე ათი წელია, საკუთარ მომხმარებელს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს. მოხარულები ვართ, რომ 2020 წელს ლენი კრავიცს ვუმასპინძლებთ და მისი ევროტურნე საქართველოდან დაიწყება. მასთან გრძელვადიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ ქართველ მსმენელს ექნება მისი მოსმენის საშუალება 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ნინი ჩიქოვანი, Solo Lifestyle-ის ხელმძღვანელი:

აღსანიშნავია, რომ ლენი კრავიცის დაბადების დღეა 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვფიქრობთ, ეს სიმბოლური დამთხვევაა (იღიმის). თავად არტისტი ძალიან არის დაინტერესებული საქართველოში სტუმრობით. დიდი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც იცით, რთულია საქართველოს ტურნეში ჩასმა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

თავად ლენი ცნობილია იმით, რომ ძალიან უყვარს ადგილობრრივი კულტურის გაცნობა, სეირნობა და ქალაქის დათვალიერება. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი საქართველოში სტუმრობის დროს მას ქუჩაში შეხვდებით (იღიმის).

რეგიონში მხოლოდ საქართველოში ტარდება ეს კონცერტი და ვფიქრობთ, მეზობელი ქვეყნის მაცხოვრებლებიც იქნებიან დაინტერესებული საქართველოში სტუმრობით.

ბილეთის ფასები დაიწყება 95 ლარიდან, იქნება 140-ლარიანი და 250-ლარიანი ბილეთებიც, ვიპბილეთების ფასი 600-660 ლარის ფარგლებშია, თუმცა ეს ფასებია Solo-ს მომხმარებლებისთვის, დანარჩენი მყიდველებისთვის ბილეთების ფასი 20%-ით ძვირი იქნება.

ლენი კრავიცის შესახებ

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა  ჟანრის – როკის, ფანკის, სოულის სინთეზს. მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოცემული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში „როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“. ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით “Let Love Rule” 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით “RAISE VIBRATION” კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა.

გარდა მუსიკალური კარიერისა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში “Precious”. კრავიცმა  ყველაზე დასამახსოვრებელი  როლი შეასრულა “Hunger Games”-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom Perignon.

2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით..“

ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით „Here to Love” ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის საუნდტრეკი იქნება.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here