კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი რადიო „ფორტუნას“ ლაივის მეორე დღეს ესტუმრნენ. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები გადაღლილები არიან, რადგან მათთვის კონკურსის კიდევ ერთი დღე გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, როცა „მხოლოდ ქართული“ მისმა ერთმა მონაწილემ, შოთა ლეგაშვილმა დატოვა.
სამი საათი გიძინიათ მხოლოდ…
სოფო:
ძილმა გამოგვიცხადა ბოიკოტი დიდი ემოციების გამო, დაღლილობის, დიდი ემოციების გამო. შოთა ჩენი მეგობარია პირველი კასტინგის მერე. გრძნობ, რომ ყველა ლაივის მერე ასე იქნება – ან შენ გავარდები, ან სხვა. გირჩევნია, რომ შენ იყო, მაგრამ მერე ფიქრობ, ვეღარ ნახავ სხვა კონკურსანტებს.
კონკურენცია არ არის?
მე ხომ სხვა კონკურსზეც ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არ არის კონკურენცია.
კოსტა:
შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არანაირი კონკურენცია არ არის. ახლა, რაც დრო გადის, თითქოს ხომ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ არ იძაბება.
სოფო:
ადრე, თუკი რომელიმე კონკურსანტის რამე არ მოგწონდა, თავს იკავებდი თქმისგან, არადა, კარგი გინდოდა, მაგრამ ცუდად რომ არ ეფიქრა, ვერ ეუბნებოდი. ახლა უფრო გახსნილად ვართ. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით, ახლობელი ადამიანებივით. ჩვენი თვალით დანახულ რჩევებს რომ ვუზიარებთ ერთმანეთს, უკეთესი გამოსვლები გვაქვს.
კოსტა:
როცა ჟიურის წევრი რომელიმეს გააკრიტიკებს ან დაბალ ქულას დაუწერენ, ეს ჩვენზეც მოქმედებს და ვეღარ ვმღერით. ერთ ადამიანზე ხომ აქვს გავლენა? ის რომ აღელდება, ჩვენზეც გადმოდის, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ.
ტექსტი რის გამო გავიწყდებათ?
სოფო:
წუწუნი გამომივა, ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, ასე რომ, არ არის ამის თქმა საჭირო. ჩემ შემთხვევაში სხვა მიზეზია, სხვის შემთხვევაში – სხვა. საერთოდ, ვცდილობ, შეცდომები წარსულში დავტოვო. ჩემი გუშინდელი ნამღერი „ალალ მე“ მოვისმინე, შეცდომები გავიაზრე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა და ამას გულწრფელად ვამბობ. რაც არ მომეწონა, დავიმახსოვრე და დანარჩენი გავუშვი, ასე ვთქვათ…
კოსტა:
არ ვიცი, თვითონ რა არ მოეწონა, მაგრამ ყველა დანარჩენს მხოლოდ მოწონება დაგვიტოვა.
სოფო:
არც კოსტა იტყვის, თავმდაბალია, რომ სტეფანესა და მაია დარსმელიძის სიმღერაში რეჩიტატივის ჩასმა თავად მოიფიქრა.
კოსტა:
რამდენიმე სიმღერა გავაერთიანე, ეს მიღებულია და რომც არ იყოს მიღებული, ორგანიზმი მთხოვდა, რომ ამ სიმღერას რაღაც სჭირდებოდა, გამეორება არ მინდოდა. სტეფანე და მაო იმდენად კარგი არტისტები არიან, რომ მათი მიბაძვა არ მინდოდა და ვერც მივბაძავდი. კაბუსა და „სახის“ სიმღერებიდან რეჩიტატივები ავიღე, მაგრამ „სახის“ მთლიანი ტექსტი დამავიწყდა და დავრჩი ასე (იცინის). ვფიქრობ, ისე რომ გამეკეთებინა, როგორც მომაფიქრდა, უკეთესი იქნებოდა. გუშინდელი გამოსვლა არ მეზიზღება, მაგრამ არც კმაყოფილი ვარ. თან, მერამდენედ უნდა დამავიწყდეს (იღიმის). არის დროის ფაქტორიც, ცოტა დრო გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ სოფოს შეუძლია ექსტრემალურად მცირე დროში მძიმეწონიანი სიმღერები, რომლებსაც ვერავინ ვერ იმღერებს, ისე შეასრულოს, რომ მილიონობით ნახვა ჰქონდეს.
სოფო:
დროის ფაქტორი არის, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, საკუთარ თავს დავაბრალო. კარგი იქნებოდა, ორი კვირა გვქონდეს, იმდენად კარგად მოვირგებდით სიმღერებს და ისე თავდაჯერებულები გავიდოდით სცენაზე… თუმცა ამ მოკლე დროში სიმღერების სწავლაც გამოცდილებაა.