KOLGA TBILISI PHOTO 2018 იხსნება

0
1376

4 მაისს, 20:00 საათზე, საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO 2018, ფოტოკონკურსის წლის სააუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ, ქართული  ბენდის,  Killage-ს კონცერტი გაიმართება.

ფოტოკვირეული 11 მაისის ჩათვლით მასპინძლობს 18 საერთაშორისო და ადგილობრივ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს.

წელს, ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური სერია და მობილური ერთი კადრი.

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა”, უკვე 17 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით ტარდება. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.

ფოტოკონკურს “ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი ერგებათ, მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს ქვენომინაციებში (ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) კი, 500$ გადაეცემათ.

ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD.ეს ჯილდო გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან:    დოკუმენტური  სერია, რეპორტაჟი  და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული  500 ევროს მიიღებს.

გამარჯვებული პროექტები 1-ელ ივნისს GeoArt გალერეაში, ბერლინში გამოიფინება.

წელს, თიბისი ბანკისა და ფოტოსააგენტო „პროსპექტის“ დახმარებით, ქართველი ფოტოგრაფებისათვის დაწესდა სპეციალური პრიზი – სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო „პროსპექტში“. ეს პრიზი გადაეცემა ქართველ       ფოტოგრაფს, რომელსაც ფოტოსააგენტო „პროსპექტი“ შეარჩევს შემდეგ           ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here