კლუბ “ბასიანის“ წარმომადგენლობა, ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებულ ჭორებს უარყოფს

0
1932

თბილისში ყველაზე პოპულარული კლუბის „ბასიანის“ წარმომადგენლობა მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს პასუხობს. “ბოლო პერიოდის განმავლობაში BASSIANI / HOROOM-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. პროცესს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, საეჭვო პოლიტიკური წარსულით, აქტივობებით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. ეს ადამიანები იდენტური შინაარსის ტექსტებს ავრცელებენ, რითიც აქეზებენ პოლიციასა და სხვადასხვა ჯგუფებს, რომ დაინტერესდნენ კლუბის ფუნქციონირებით.

კლუბი BASSIANI / HOROOM შექმნის დღიდან თავისუფლების, თანასწორობის, ტოლერანტობის იდეაზეა დაფუძნებული და მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც ამ ღირებულებებს სოციუმში ფართოდ ავრცელებს – იქნება ეს “თეთრი ხმაურის მოძრაობა” – ჰუმანური და პრევენციული ნარკოპოლიტიკისთვის, თუ ქვიარ ფართების სერია HOROOM, რომელიც ჰომოფობიის, ჩაგვრისა და ძალადობრივი გარემოს დასაძლევი ინიციატივაა.

ცილისმწამებლური კამპანიის ავტორები, სწორედ ამ კუთხით, ფაქტების განზრახ დამახინჯებითა და მისი აბსურდული ინტერპრეტაციებით მოქმედებენ. მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული დარტყმა კლუბების მთავარ მონაპოვარსა და ღირებულებებზე – თავისუფლებასა და უსაფრთხო გარემოზე. იმავდროულად, წარმოებული კამპანია არის კლუბის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

BASSIANI / HOROOM, მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, გამუდმებით არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ, ყოველ კვირას საუკეთესო არტისტებსა და ათასობით ადამიანს მასპინძლობს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის, საკლუბო სფეროს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს წინსვლას – ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, ამ დროს რეგრესული ძალების მსგავსი პროვოკაციული და ფორსირებული თავდასხმა, არამხოლოდ საკლუბო სფეროს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოპოვებულ წარმატებას და ზოგადად სვლას ევროპული ღირებულებებისკენ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან რეგრესული ძალების მიერ BASSIANI / HOROOM-ის და ზოგადად თბილისის საკლუბო სცენის რეპუტაციის შელახვა. ცილისმწამებლებს კი მოუწევთ, მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი“ – წერს ნაჯა ორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კლუბში ნარკოტიკული საშუალებები იყიდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here