წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ფინანსურად მომგებიანი ბლოკბასტერი დედპული სულ მალე მეორე ნაწილით გაგრძელდება.
კომიქსის კინოადაპტაციაზე მუშაობა ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ დედპულის რეჟისორმა ტიმ მილერმა, პროექტი დატოვა, რის მიზეზადაც, მთავარი როლის შემსრულებელთან, რაიან რეინოლდსთან უთანხმოება სახელდება. შეგახსენებთ რეინოლდსი პროექტის პროდიუსერიცაა.
იბადება კითხვა: ვინ ჩაუდგება სათავეში დედპულის სიქველის გადაღებებს?
სანამ შემოქმედებითი ჯგუფი სავარაუდო ვერსიებს განიხილავს, კინომანები საკუთარ კანდიდატურაზე უკვე ჩამოყალიბდნენ, ისინი თვლიან, რომ ამ ამოცანას ყველაზე კარგად კვენტინ ტარანტინო გაათმევს თავს. ფანებმა უკვე გაუგზავნეს რაიან რეინოლდსს შესაბამისი პეტიცია ხელმოწერებით, რომელშიც ნათქვამია, რომ დედპულის თაყვანმისმცემლებს სურთ, რომ მეორე ნაწილი სწორედ ტარანტინომ გადაიღოს.
ძნელი არაა მიხვდე, თუ რატომ მაინცდამაინც ტარანტინო და არა სხვა რეჟისორი. მისი ფილმები, ბევრი რამით გამოირჩევა: საკულტო დიალოგები, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და რეალისტურად გადაღებული ძალადობის სცენები, “Deadpool 2” – სთვის ეს იდეალური ფორმულაა.
აღსანისნავია, რომ თუ ტარანტინო ჩაუდგა დედპულის მეორე ნაწილს სათავეში, ეს მისთვს სრულიად ახალი გამოცდილება იქნება, რადგანაც რეჟისორს კომიქსის ეკრანიზაციაზე ჯერ არასდროს უმუშავია. მანამდე კი უცნობია რამდენად სერიოზულად აღიქვამს რაიან რეინოლდსი ფანების თხოვნას თუ მოთხოვნას…