კახა მიქიაშვილი: „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მანიაკი არ ვარ!..“

0
2055

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობი კახა მიქიაშვილი ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზამ გამოსარჩლება გადაწყვიტა და ვასოსგან თავში აგური მიიღო. როგორ გაგრძელდება ეს ხაზი, ჯერ მსახიობმა არ იცის, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც „თბილისი მარიოტში“ ჩავწერეთ, აღნიშნავს, რომ ვასოსნაირი მამაკაცები საკუთარ საახლობლოში არასდროს ჰყოლია. კახამ ხუმრობით ისიც კი გვითხრა, დაწერეთ, რომ მანიაკი არ ვარო. როგორც სოციალურ ქსელებში კომენტარებისას გამოჩნდა, ზოგიერთმა მაყურებელმა მისი პერსონაჟი ზედმეტად სერიოზულად მიიღო…

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, თავად მითხარი, ერთ პატარა როლში გამოჩენაც კი ტელევიზიით როგორ პოპულარობას ჰმატებს მსახიობს…

კახა მიქიაშვილი:

არ ვიცი, ჩემი პროფესიის ნაკლია თუ ხიბლი და ასე იყო ყველა – თეატრში წლები როლი როლზე რომ ითამაშო, წარმატებულად, ისე არ ჩანს, კონკრეტულად თეატრის მაყურებელი აფასებს, საკმარისია, ეკრანში ერთ კადრში გამოჩნდე, განხილვის თემა ხდება. ბუნებრივია, ეს არის კარგი, მსახიობობას უხდება. მეორეა, თუ ნეგატიური როლი შეასრულე, მასთან გაიგივებენ.

გურამ საღარაძის მაგალითი გამახსენდა, მისნაირ კეთილ გულჩვილ და წესიერ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი. თავად აქვს მოყოლილი, „სახლი ძველ უბანში“ მონაწილეობის შემდეგ, სადმე თუ გამოჩნდებოდა, როგორ იწერდნენ პირჯვარს და გარბოდნენ მისგან (იღიმის). შემიძლია იგივე ვთქვა ბევრ სხვა მსახიობზეც. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ მანიაკი, მადლობა ღმერთს (იცინის)!.. ხალხს აგურებს არ ვურტყამ თავში და არც არავის ფანჯარასთან ვდგავარ შესაშინებლად. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ხიბლი ესაა – რაც უფრო განსხვავებულ ტიპაჟს ქმნი, უფრო სხვანაირს, ვიდრე იქამდე გითამაშია, მით უფრო რთულია. გულწრფელად რომ გითხრათ, სუფთა პროფესიული კუთხით, კომენტარებს, ზოგს ხუმრობით და ზოგს არახუმრობით ნათქვამს – რა, საშინელი როლია, რა ცუდი ტიპი ხარ და როგორ დაგვზაფრეო, პროფესიული ნიშნით კომპლიმენტად ვიღებ. თუ დადებით პერსონაჟს თამაშობ და ხალხს თავი შეაყვარე და დაამახსოვრე, კარგია, როცა ნეგატიურ როლს ასრულებ და ესეც დაამახსოვრდა მაყურებელს, ე.ი. კარგად შექმენი როლი.ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვითამაშე კარგად, უბრალოდ, ვადარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანიაკი არ ვარ. როცა სცენარი წავიკითხე, მზად ვიყავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში მანიაკის იმიჯი მექნებოდა, მათ შორის, ვინც არ მიცნობს, თორემ ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი (იღიმის). ვინაიდან ამ სერიალს უყურებს მთელი საქართველო, თუ მთელი სამყარო და მსოფლიო არა, დიდ ნაწილში ეს იმიჯი არ ამცდება, მაგრამ რა ვქნათ, ეს პროფესიის ნაწილია…

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here