კახა ცისკარიძე: “სამი წელია, ჩემს ჯგუფს არც ერთ თბილისობაზე და საახალწლო კონცერტზე არ იწვევენ“

0
65

კახა ცისკარიძე “ავტორადიოზე“ ნინო მურღულიას საავტორო გადაცემა “VIP ზონას“ სტუმრობდა, სადაც “კახაბერი და ხანუმების“ საზღვარგარეთულ წარმატებაზე ისაუბრა და მათ შორის იმაზე, რომ მალე ჯგუფი რუსული “კომედი Woman“-ის სტუმარი იქნება. კახა ამბობს, რომ “კახაბერისა და ხანუმების“ მსგავსი მუსიკალური პროექტი მსოფლიოში არ არსებობს. “მართლაც საამაყოა ჩემთვის“ – განაცხადა მუსიკოსმა საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აპიარებს საკუთარი ჯგუფის წარმატებებს, კახამ უპასუხა: “რა ვიცი… უფრო რომ არ გავაღიზიანოთ ზოგიერთი არტისტი, რომელიც აბსოლუტურად შეუმდგარია და ძალიან დიდი ამბიციები აქვს. ჯობს, ფაქტის შემსწრე იყო, ვიდრე იმისა, რაც დღესდღეობით ხდება და ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაკლია. მე ზოგად სიტუაციასაც ვგულისხმობ და მათ შორის, კონკრეტულ არტისტებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, უსაფუძვლოდ ამბიციურები არიან. ეს ჩვენს სფეროს პრობლემას უქმნის. ამიტომაც ჯერ მინდა საქმე გავაკეთო და მერე ვილაპარაკო. უაზრო საუბრების მოსმენა არგაკეთებულ საქმეებზე და არმომხდარ წარმატებებზე, არ მიყვარს.

საქართველოში გაპიარებაზე კიდევ იმას ვიტყვი, რომ რაღაც-რაღაცებია გასაკეთებელი, რომ მეტი ყურადღება მიექცეს არტისტებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას საზღვრებს გარეთ წარადგენენ. ჩვენ გვყავს საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი და მედიასაც მინდა ვთხოვო, რომ მეტი საინტერესო ადამიანი და პროექტები გამოაჩინონ, ვიდრე ის, რაც დიდი ხნის წინ შეიქმნა და მას მერე არაფერი გაკეთებულა. პოტენციალი ჩვენს ქვეყანაში დიდია და საჭიროა დანახვა“.

კახა ცისკარიძემ მწვავედ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ბოლო სამი წელია, მას არც საახალწლო და არც თბილისობის კონცერტებზე არ მეძახიან.

“თუნდაც ის ფაქტი, რომ ვსაუბრობთ “კახაბერი და ხანუმების“ საზღვარგარეთ წარმატებაზე, ხოლო ქვეყანაში ტარდება თბილისობა და ბოლო სამი წელია, ჩვენს ჯგუფს უბრალოდ, არ იწვევენ არც თბილისობაზე და არც საახალწლო კონცერტებზე, ცოტა სასაცილოა (იღიმის), ნაწყენი პოზიცია არ მაქვს. ნაწყენი ვიქნებოდი იმ შემთხვევაში, მუსიკალურად წარუმატებელი რომ ვიყო. ჩვენ არ მიგვიწვიეს და საერთოდ, არც ვახსოვართ. არც აჟღერებენ ამ თემას, რომ არსებობს ასეთი მუსიკალური პროექტი. დავდივართ საზღვარგარეთ, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღებები, სამი წელია, თბილისობა და საახალწლო ღონისძიებები ტარდება და ეს მუსიკალური ჯგუფი არც ერთხელ არ ყოფილა მიწვეული. იქნებ, დაურეკოთ პირდაპირ მათ, ვინც აკეთებს და მოიკითხოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. მსმენელს დიდი მადლობა, რადგან ის არის იმის გადამწყვეტი, ვინ არსებობდეს და ვინ არა. დიდი მადლობა მსმენელს, რომ ჩვენ ვარსებობთ“ – აღნიშნა “VIP ზონასთან“ საუბრისას კახა ცისკარიძემ.