ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრა. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარებული ყველა ბილეთი იმას მოწმობდა, რომ ათი ათასკაციან დარბაზში, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, დაუვიწყარი სანახაობა შედგებოდა. ფანების აქტიურობამ მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაინც გააკვირვა და „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენას“ კულისებიდან გადაღებული ვიდეო დადო, რომელზეც ქართველი ფანების სიმღერა იყო ასახული. რასაკვირველია, ჯესი ჯეის რეპერტურიდან.
შეკვეთილში ჯესი ჯეი თავის ჯგუფთან ერთად კონცერის წინა ღამეს ჩაფრინდა და სასტუმრო „პარაგრაფში“ დაბინავდა. მან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სასტუმროდან, მათ შორის, შეკვეთილის მზიანი სანაპიროდან, სადაც თავისი სხეული გამოაჩინა. ყველა ფოტოზე შეკვეთილი და „ბლექ სი არენა“ იყო მონიშნული.
View this post on Instagram
Me after going down every slide at the water park in the hotel. I was HYPED. #sandhandbyalisha
სანამ მოსაღამოვდებოდა და ორგანიზატორების მიერ არენის ეზოში სპეციალურად მოწყობილ კომფორტულ გარემოში აღმოჩენას შეძლებდნენ, ზოგიერთი თაყვანისმცემელი, რომელიც ჯესი ჯეის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, თაკარა მზეზე გარეთ ელოდა, როდის შეძლებდნენ ბოლო-ბოლო საყვარელი მომღერლის ნახვასა და მოსმენას.
კარი, შეპირებისამებრ, ზუსტად ექვს საათზე გაიღო და რა თქმა უნდა, ყველა შესასვლელთან რიგი დადგა. ბილეთების ფრიალს მშვენივრად ერწყმოდა ეზოში გაშლილი სცენიდან „ენდორფინის“ მუსიკალური ჰანგები.
დარბაზში შესვლა უკვე საღამოს ცხრის ნახევრიდან იყო შესაძლებელი. ყველა დარბაზისკენ მიიჩქაროდა, რათა კუთვნილი ადგილი სწრაფად დაეკავებინათ და საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონცერტით სიამოვნება მაქსიმალურად მიეღოთ.
სცენაზე შავ მოტკეცილ კომბინიზონში გამოწყობილი ჯესი ჯეი გამოჩნდა და ყველა მის თაყვანისმცემელს მისი 2010 წელს შექმნილი იმიჯი გაახსენდა, შავად შეღებილი თმა და გასწორებული „ჩოლკა“. თავადაც გვკითხა, გვაგონებდა თუ არა ეს იმიჯი წლების წინანდელს და რა თქმა უნდა, ჩვენგან თანხმობა მიიღო. მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი მომღერალი, ასეთივე მაღალ ქუსლებზე, საათნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში სულაც არ დაღლილა და არც ერთი წამით არ დაუსვენია ბენდის წევრების ხარჯზე, როგორც ამას სხვა შემსრულებლები აკეთებენ ხოლმე. თუკი რომელიმე ფანი ეჭვობდა, რომ წინა ღამით ჩამოფრენილი მომღერალი ფორმაში ვერ იქნებოდა, ჯესი ჯეიმ ეს ეჭვები პირველივე ბგერებიდან გაუქარწყლა, როცა სცენიდან ზღვის ტალღასავით წამოვიდა მისი უნიკალური ხმის ტემბრი.
რა შესრულდა 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე? ყველა ის სიმღერა, რის გამოც უყვართ ჯესი არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა აქ, როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით. Bang Bang, Queen, Flashlight, Domino, Price Tag – სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რა თქმა უნდა. ყველაზე საინტერესო და მომღერლისთვის განმაცვიფრებელი ის აღმოჩნდა, რომ რომელ ფრაზაზეც არ უნდა მიეშვირა მიკროფონი დარბაზისთვის, მისი თაყვანისმცემლები ხმაშეწყობილად აგრძელებდნენ ნებისმიერს. ამან მომღერალს ცრემლიც მოჰგვარა და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ ენერგიაზეც მოიყვანა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ჯესი ჯეის „ბლექ სი არენაზე“ არც ერთი წამით არ დაუზოგავს თავი და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვაჩვენა.
თაყვანისმცემლებთან დარბაზის ყველა წერტილში განსაკუთრებულად აქტიურად ურთიერთობდა. ერთ-ერთს ტელეფონიც კი გამოართვა და ვიდეო გადაიღო, შემდეგ მეორეს წერილი წაიკითხა, სადაც მას სთხოვდნენ, არ დაევიწყებინა ის თაყვანისმცემლები, რომლებიც ამ რეგიონში ჰყავს, მათ შორის, საქართველოში, რამაც ჯესი ჯეიზე გამორჩეულად იმოქმედა და საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩინა.
კონცერტის შემდეგ ჯესი ჯეიმ თავის „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენაზე“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დღეს საღამოს 2010 წელში დავბრუნდი!. ენერგია იყო სრულიად გიჟური!. ჩემი პირველი შოუ საქართველოში! და ყველა ბილეთი გაყიდული იყო! თქვენ ისეთი ხმაურიანები და სიყვარულით სავსენი იყავით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა!..“
დარბაზიდან გამოსული მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ამ კონცერტს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდეს, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გამართულა.
ღონისძიების შემდეგ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ქართველ მსმენელსა და ჯესი ჯეის შორის გამორჩეული ქიმია შედგა, რასაც ძნელია, არ დაეთანხმო. სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი სწორედ ამ კონცერტს ეძღვნებოდა ან იქ გადაღებულ ვიდეოსა თუ ლაივს მოიცავდა. ჯესი ჯეიმ მსმენელს ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას მოუწოდა კიდეც, დაედოთ ტელეფონები და მომენტით ესიამოვნათ, რაც ყველა თაყვანისმცემელმა გააკეთა და ამის დასადასტურებლად ხელები მაღლა ასწია.
კონცერტი ჯესის პირველი ჰიტით Price Tag დასრულდა, რომელიც დარბაზმა მომღერალთან ერთად შეასრულა.
ფოტო: copter.ge, black sea arena
ნინო მურღულია