22.8 C
Tbilisi
Saturday, August 20, 2022

„იზი და ჯადოქარი“ უკვე კინოთეატრებშია!.. – „კარგია, რომ სროლისა და ნარკოტიკების თემიდან გამოვედით!..“

„გიგა ფროდაქშენსმა“ 21 მარტს, „თბილისი გალერიაში“ შეკრებილ საზოგადოებას თავისი პირველი ფილმი, სათავგადასავლო ფენტეზისჟანრის სრულმეტრაჟიანი სურათი „იზი და ჯადოქარი“ წარუდგინა. მუსიკოს გიგა კუხიანიძისა და მისი გუნდისთვის ეს კინოსფეროში პირველი გამოწვევა გახლდათ. მთავარი პროდიუსერი და მუსიკის ავტორი პრემიერის წინ ძალიან ნერვიულობდა.

გიგა კუხიანიძე:

აი, დადგა პრემიერს წუთები. დიდი განცდები მომაწვა. ბევრი ჩემი მეგობარი მოვიდა, რომელმაც პატივი დაგვდო. ველოდები ჯანსაღ კრიტიკას, ვის რა არ მოეწონება და ვის მოეწონება. ამით უნდა გავიზარდო და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კომენტარი.

მაყურებლისგან რა რეაქციებს ელოდები?

ქართველი მაყურებლისგან მუდმივად ვარ მიჩვეული კრიტიკას. ახლაც ასე ვარ. როცა რაღაცას აკეთებ, ბევრს შრომობ, ბევრი განხილვა მოჰყვება და ეს ძალიან კარგია. მაინტერესებს ყველას აზრი. წარმატებისა და შრომის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ამას მიჩვეული ხარ, მაგრამ ახალ სფეროში, პირველი ნაბიჯების გადადგმის მომენტში, ცოტა სირთულეები გხვდება. არ ვიცი, რა იქნება.

გამოხმაურებებზე დამოკიდებული იქნება თუ არა, შემდეგ ფილმს გადაიღებ თუ არა?

რასაკვირველია. დიდი სურვილი მაქვს, თუ შესაძლებლობა მექნება, მეორე ფილმი გადავიღო. მოვიწამლე ამ სფეროთი. შემდეგ ფილმს მეტი პრეტენზიით გავაკეთებ საკუთარი თავის მიმართ. ვიფიქრებ საფესტივალო ფილმის შექმნას. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ მოხდა ჩემს თავს.

კახა კუხიანიძე:

ვიცოდი, რომ ჩემი ძმა ფილმს იღებდა, მაგრამ არანაირი დეტალი წინასწარ არ გამიგია. როცა გიგა რამეს ხელს კიდებს, ის აუცილებლად ამართლებს. მგონი, დამეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, ჩანაფიქრი უდიდესი პროცენტით განახორციელა. მუსიკა მოვისმინე, რომელზეც გავაფრინე და გავაფანატე.

ნინო ძოწენიძე:

ძალიან საინტერესო და პრობლემური ფილმია, ჩაცმაზე გაგიჟებული და ემოციური ბავშვების თემაზე. მოზარდმა თაობამ აუცილებლად უნდა უყუროს, მშობლებმაც, რადგან როცა ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი გვაქვს შვილებისთვის, აღმოჩნდება, რომ მათთვის დრო არ გვაქვს… ველოდები, რომ მაყურებელი აუცილებლად დაინტერესდება.

გიგა რომ მოვიდა და ფილმის გადაღებაზე გაგესაუბრა, რა რეაქცია გქონდა?

როცა გიგა რაღაც სიახლეს ამზადებს, ვიცინი ხოლმე და მეუბნება, ვნახოთ, ბოლოს როგორ გაიცინებო. როცა ჩემი მეუღლე ახალ საქმეს ჰკიდებს ხელს, მისთვის გადადებულია და ამ თვისებით, 16 წლის შემდეგაც კი, დღემდე მაოცებს. ვერ ეკონტაქტები, როცა საქმეს აკეთებს. ასე იცის გიგამ. „ევროვიზიის“ დროსაც ასე იყო. ის, რაც გიგას შეუძლია, მე არ შემიძლია და ჩემი ქმრის კეთილი შურით მშურს (იცინის).

რუსკა ქარქაშაძე:

განსხვავებული ჟანრია, საქართველოში ამ ჯანრის ფილმებს (სათავგადასავლო, ფენტეზი) ხშირად არ იღებენ. აქამდე შესრულებული პერსონაჟებიდან იზი ძალიან განსხვავდება და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ როლის თამაში. გულწრფელი ემოციებით ვარ განწყობილი…

„იზი და ჯადოქრის“ მოკლე აღწერა ასეთია: უცნაური მოვლენის შედეგად დედამიწაზე დიდი ცვლილება მოხდება, ყველა უფროსი დაპატარავდება, თინეიჯერები კი ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა და ჯადოქრამდე მიდიან, რომელსაც საკუთარი მშობლების პოვნა სურდა და ჯადოქრობისას ერთი მცირე შეცდომა დაუშვა…

ოფიციალურ პრემიერამდე ფილმი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარმენეჯერმა, თათა სადრაძემ წარადგინა და  „იზი და ჯადოქრის“ შემოქმედებით გუნდს წარმატება უსურვა.  გაიჭრა ულამაზესი ტორტი, ხოლო დამსწრეებმა, რომელთა შორის ბევრი ქართველი ვარსკვლავიც გახლდათ, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

თიკა ფაცაცია:

ფილმის ყურებისას დავიძაბეთ, აგვეტირა, მუსიკალურად ძალიან საინტერესოდ იყო გაფორმებული, რაც გიგას დამსახურებაა და ეტყობოდა მისი ხელწერა. კარგი ტიპაჟები არიან შერჩეულნი და ლამაზი კადრებითა გააჯერებული. თემა კი აქტუალურია, ბულინგი, წამხედურობა და ა.შ. აუცილებლად სანახავია.

გიორგი პავლიაშვილი, მასტერი:

ფილმში ჩემი უმცროსი ძმა მონაწილეობს, ნამცხვრების დამტარებელს თამაშობს. პირველ რიგში, კარგია ის, რომ ქართველ კინემატოგრაფში გამოჩნდა ფენტეზის ჟანრი და გამოვედით იარაღების, სროლის და ნარკოტიკების თემიდან. გარდა ამისა, დიდ პატივისცემას გამოვხატავ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ, რადგან ფილმს აშკარად ეტყობა ხარისხი. სუბიექტური ვარ შეიძლება, მაგრამ ჩემი ძმის თამაშიც მომეწონა. სიმღერისას ჰქონდა წარმატებები, „საბავშვო ევროვიზიაზე“ მონაწილეობდა. მეგონა, სიმღერაში ცდიდა ბედს, მაგრამ თუ მსახიობობას გადაწყვეტს, აუცილებლად დავუჭერ მხარს.

ვერიკო ტურაშვილი:

სუბიექტური ვარ, რადგან ამ ყველაფრის სულისჩამდგმელები ჩემი ახლო მეგობრები არიან, მაგრამ ეს არ მაძლევს ობიექტურობის დაკარგვის უფლებას. პირველ რიგში, მომეწონა ფილმის ქასთი, საკვირველია, რომ ასეთ ასაკში ასე ბუნებრივად თამაშობს რუსკა ქარქაშაძე. მთლიანობაში საინტერესო, კარგი ფილმია, სწორი მესიჯებით.

ფილმის ექსკლუზიური მედიამხარდამჭერი გახლავთ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“. „იზი და ჯადოქარი“ შეგიძლიათ საქართველოს კინოთეატრებში ნახოთ.

რეჟისორი:  ხათუნა გიორგობიანი („ხელოვნური სუნთქვა“, „კლინიკა“)

პროდიუსერი და მუსიკის ავტორი:  გიგა კუხიანიძე

ოპერატორი:  ვახო ჩაჩანიძე

მონაწილეობენ:  ზურა ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, სოსო ხვედელიძე, ბახვა ბრეგვაძე, ანი ბებია, ირაკლი გოგოლაძე, აპოლონ კუბლაშვილი, რუსკა ქარქაშაძე, დათა პავლიაშვილი, ელენე არჩაშვილი, დავით ხიმიკაძე.

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები