ითხოვს თუ არა რობი უილიამსი კულისებში 30 დივანს, 16 ლ. რძესა და 50კგ. ყინულს

0
20

ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებმა რუსულ მედიაზე დაწყრდნობით მოიპოვეს. მასალის მიხედვით, რობი უილიამსს გასაოცარი ვარსკვლავური ახირებების მთელი სია აქვს. მაგალითად, ითხოვს, რომ კულისებში დახვდეს 30 დივანი, 16ლ. რძე, 48 კვერცხი და 50კგ ყინული. ასევე მოჰყვება 8 მენეჯერი, მასაჟისტი, სტილისტი და 6 მცველი.

კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკა კუპრეიშვილს დავუსვით შეკითხვები ამ თემაზე.

ეკა კუპრეიშვილი:

რა თქმა უნდა, რობი უილიამსს აქვს მოთხოვნები, ისევე, როგორც ვარსკვლავების 90%-ს. ბევრი რამ შეიძლება, სულაც არ ეწეროს მის მოთხოვნებში, მაგრამ ჩვენ, ქართული სტუმარ-მასპინძლობის გათვალისწინებით, გვინდა, მას საუკეთესოდ დავხვდეთ. ყვავილებით ოთახების გაფორმება რომც არ შედიოდეს რაიდერში, ჩვენ ამას ისედაც გავაკეთებდით, გვყავს კომპანიები, რომლებიც ამ კუთხით გვემსახურებიან.

“დინამო არენას“ ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის მოწყობილი და ყველაფერს გამოვიყენებთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ რობი უილიამსს ჯეროვნად დავხვდეთ, მაგრამ მის მოთხოვნებში არ არის არაფერი განსაკუთრებული.

თქვენ რომ აღნიშნეთ, 16 ლ. რძე და 48 კვერცხიო, ამაზე მეცინება და აბსურდულია. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია. არაფერი ამდაგვარი ჩვენთვის არ უთხოვია (იცინის). არც 30 დივანი. როგორც წესი, არტისტები ითხოვენ, რომ მოსასვენებელ ოთახებში იყოს რბილი ავეჯი, მაგრამ “დინამო არენაზე“ ის ისედაც არის და დამატებით არაფერი მოუთხოვიათ.

რაც შეეხება კვებას, ითხოვენ ჯანსაღ საკვებს, რაც შეიძლება, ბევრ მწვანე პროდუქტს. როცა ყავაა, იქვე რძე რომ უნდა იყოს, მგონი, ამას დამატებით თხოვნა არ სჭირდება. ითხოვენ ასევე ენერგეტიკულ სასმელსა და წყალს კულისებში.

რაც შეეხება 6 მცველს, სტილისტს და სხვა მომსახურე პერსონალს?

პირადი დაცვის წარმომადგენელი მოჰყვება, მაგრამ არა მგონია, რომ ექვსი იყოს. სტილისტი ჰყავს და ის ყველა ვარსკვლავს დაჰყვება კონცერტებზე, ასე რომ, ესეც არ არის გასაკვირი. რობი უილიამსს ჩამოაქვს ნამდვილი შოუ, სანახაობა, რომელსაც სჭირდება ტექნიკური თუ სხვა სახის პერსონალი და დიდი ჯგუფი მართლაც მოჰყვება.

რობის სმენია ბევრი რამ საქართველოს შესახებ და აინტერესებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, ასე რომ, ამასაც შევთავაზებთ.

მთლიანობაში, მას მოთხოვნებში განსაკუთრებული ვარსკვლავური ახირებები ნამდვილად არ აქვს (იღიმის).

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here