ჰოლივუდში მცხოვრებლებივით არა მაგრამ ჩვენც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარსკვლავების ვიზიტს საქართველოში მივეჩვიეთ. ამჯერად ჩვენს ქვეყანას 90-იანი წლების კინოს ლეგენდა, დოლფ ლუნდგრენი ეწვია. მსახიობი, რომელსაც მოკრივე ივან დრაგოს როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა საქართველოში „ქრიდ 2-ის“ კინოპრემიერისთვის ჩამოვიდა. მასთან ერთად კინოპრემიერას მისი ძმა და ქართველი რეჟისორი, ნიკოლოზ ხომასურიძეც დაესწრო, რომელთან ერთადაც ერთ-ერთი სარეკლამო რგოლისთვის დოლფ ლუნდგრენმა უკვე იმუშავა. გარდა ამისა, როგორც კინოპრემიერაზე გახდა ცნობილი, შესაძლოა ის ქართულ ფილმშიც ვიხილოთ, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა.