დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ 22 მარტს 12:00 საათზე ჩაატარებენ შემეცნებით პროგრამას „გაზაფხულის კარნავალი“. მონაწილეობას მიიღებენ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ბენეფიციარები.
პროგრამა ტარდება პირველი ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ ფარგლებში.
პროგრამა შედგება ორი კომპონენტისაგან: ექსპოზიციის დათვალიერება და შემოქმედებითი აქტივობა. პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათთვის ადაპტირებული მეთოდებით ეზიარებიან კულტურულ მემკვიდრეობას და ექსპოზიციაზე მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, სხვადასხვა მასალაში შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს.
პროექტი „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ მიზნად ისახავს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების დამკვიდრებას საქართველოს სამუზეუმო სივრცეში. პროექტში ჩართულია 24 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.