ინგა გრიგოლია საცხოვრებლად სოფელში გადაბარგდა – “ჯერ შოკიდან ვერ გამოვედი…“

0
23

ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია გადაცემის დახურვით მიღებული შოკიდან ჯერ ვერ გამოვიდა, თანაც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც შეექმნა. როდესაც მას მოსაკითხად და იმის საკითხავად დავურეკეთ, რამდენ ხანს გასტანს მისი სატელევიზიო პაუზა და აქვს თუ არა გეგმები, გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე სოფელში გადავიდა საცხოვრებლად…

ინგა გრიგოლია:

ნამდვილად არანაირი გეგმა არ მაქვს. თანაც, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ადრეა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება შეიძლება მარტივად მიიღო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გადაცემის დახურვით მიღებული შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედი, შოკია ეს თუ წყენა, არ ვიცი, მაგრამ ასეა. მაქვს წინადადებები, მაგრამ არა მგონია, უახლოეს პერიოდში რაიმე გადავწყვიტო. ფეხი მაქვს მოტეხილი…

სად მოიტეხე?

პეკინზე. სათვალეების მაღაზიაში შევედი. თურმე, პატარა საფეხური ყოფილა და ვერ დავინახე. დავეცი და პირველი, რაც დავინახე, როცა ზევით ავიხედე, ეკა კვალიაშვილის თვალები იყო. თურმე, ისიც იქ ყოფილა (იღიმის). სერიოზული მოტეხილობა არ არის. ბიჭიკო ასკურავასთან დავდივარ გადახვევებზე. ახლაც თბილისში ჩამოვედი მცირე ხნით, გადახვევაზე და ისევ სოფელში ვაპირებ დაბრუნებას.

სოფელში აგარაკი გაქვს?

სამი წელია, მისაქციელთან, სოფელ ივერიაში მაქვს აგარაკი. ძალიან კარგი ადგილია. რაღაც პერიოდი იქ ვაპირებ ცხოვრებას. ფეხის მოტეხვის შემდეგ მეცამეტე სართულზე ვერ გავჩერდებოდი, ამიტომაც გადავბარგდი აგარაკზე. ჩემი მეგობრები მოსანახულებლად იქ ჩამოდიან. ძალიან მიყვარს სოფელი, სუფთა ჰაერი და მზე.

როდის შეძლებ გავლას?

არ ვიცი, ექიმი ჯერ ვერ მეუბნება. დღეს, ხვალ და ზეგ რომ ვერ შევძლებ, ვიცი. ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ ეს გადაცემის არსებობის დროს არ მოხდა, თორემ ფეხმოტეხილი რა გამაჩერებდა სახლში (იღიმის).