მას შემდეგ, რაც “იმედზე“ სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, “ილო ბეროშვილის შოუც“ დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა. ამბობს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დატკბა შვილებთან ურთიერთობით, შეხვდა პატრიარქს და ბევრი რამ გადააფასა, ამის შესახებ ილომ ჟურნალ “გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“პატრიარქს შევხვდი ჩემი მეგობრის, სასულიერო პირის, მამა გურამის დახმარებით და იმ დღის შემდეგ, ჩემში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა. შეხვედრა 3 საათამდე გაგრძელდა. დავინახე თუ არა, ისევ კანკალი დამეწყო. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მე ჩუმად ვიყავი, პატრიარქი ლაპარაკობდა. თავადაც შემეტყო ღელვა, შფოთი… ისეთი ძალით და ენერგიით ამავსო, რომ იმ მდგომარეობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სხვაგვარად ფიქრი დავიწყე. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სულ მაქვს განცდა, რომ მან ჩემში ჩადო სიკეთის თესლი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება და აქამდე ამაზე ასე ვრცლად, საჯაროდ არც მილაპარაკია“ – განაცხადა მსახიობმა.
როგორც ილო ბეროშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, პატრიარქმა მას ციხეში შესვლის და პატიმრებთან შეხვედრის კურთხევა მისცა, სადაც ის მსჯავრდებულებს სთენდაფებს წარუდგენს.
“პატრიარქმა მომცა კურთხევა, რომ პატიმრებთან შევიდე და “სთენდაფი” ჩავატარო. უვადო პატიმრები პატრიარქს გამორჩეულად უყვარს. 2კვირის წინ, ორთაჭალის ციხეში ვიყავი, ახლო მომავალში არასრულწლოვან პატიმრტებს უნდა შევხვდე, მერე სავარაუდოდ, ქალთა კოლონიაში და “უვადოებთანაც“ შევალ“ – აცხადებს ბეროშვილი.