„იავნანას“ 14 წლის იუბილე და საქველმოქმედო საღამო ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით

0
1482

ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნანი ბრეგვაძე, „სუხიშვილები“, ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიგი გეგელაშვილი და „სინათლის წელიწადი“, თეა დარჩია, ზაზა მარჯანიშვილი, ნატო მეტონიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, „იავნანას“ 14 წლის იუბილეს აღსანიშნავად და კიდევ ერთი საქველმოქმედო საღამოს გასამართად შეიკრიბნენ. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 მარტს, დედის დღეს, ტელემარათონი გაიმართა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაიცემოდა და სადაც ისევ აქტუალური გახდა „იავნანას“ უცვლელი ტელეფონის ნომერი 09 01 30 30 30.

უკვე 14 წელია, საქველმოქმედო ფონდი არაერთ ღონისძიებას მართავს საქველმოქმედო მიზნით და ეხმარება როგორც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, თავად დააფინანსონ საკუთარი სწავლა-განათლება.

„იავნანას“ ეგიდით, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა საოპერო შემსრულებელმა, პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ამჯერად მაყურებლის ყურადღება აუტიზმის ცენტრისა და ნინო ჟვანიას საქველმოქმედო ფონდისკენ „პირველი ნაბიჯი“ მიმართეს. საღამოს განმავლობაში ვიხილეთ ინტერვიუები აუტიზმის ნიშნების მქონე მოზარდებისა თუ ზრდასრული ადამიანების მშობლებთან, რომლებიც ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ, ასევე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი მნიშვნელოვანია „პირველი ნაბიჯის“ მხარდაჭერა, რომელიც უკვე 20 წელია ფუნქციონირებს…

„იავნანას“ 14 წლის იუბილე მიულოცეს ქართველმა თუ უცხოელმა ვარსკვლავებმა, ზოგმა ვიდეომიმართვის საშუალებით, ზოგმაც – პირადად.  მათ შორის იყვნენ: ქეთი მელუა, ნინო მაჩაიძე, გიორგი გაგნიძე, მიშელ კრაიდერი, ოთარ ჯორჯიკია, მარკო ბერტი, ევგენი კისინი, ატილიო ტომასელო.

მარკო ბერტი:

„პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“და ჩემს ყველა მეგობარს საქართველოში მინდა მივულოცო ეს თარიღი და გადავცე ჩემი გულწრფელი, მეგობრული და გულითადი სურვილები.

დიდი ნოსტალგიით ვიხსენებ თქვენთან ერთად საქართველოში – შესანიშნავ, ფანტასტიკურ ქვეყანაში გატარებულ დროს. ამ არაჩვეულებრივ მოგონებებს მუდმივად გულში დავატარებ და ხშირად მახსენდება ერთი ქართული სიტყვა, რომელსაც კონცერტის დროს წარმოვთქვამდით: „ოცდაათი, ოცდაათი“! შესანიშნავი იყო! გეხვევით ყველას, ჩემო ძმებო და მეგობრებო საუკეთესო სურვილებით! ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ფონდ „იავნანას“ და პაატას!”

მიშელ კრაიდერი:

„საღამო მშვიდობისა საქართველო!!! ჩემთვის დიდი პატივია, მივულოცო ფონდს „იავნანა“ 14 წლის მოღვაწეობა, ვულოცავ პაატას და მის გუნდს. „იავნანა“ საოცარ საქმეს აკეთებს: აერთიანებს ოჯახებს და ბავშვებს აბრუნებს ოჯახებში, უქმნის მათ თბილ და მყუდრო გარემოს. მე დიდი მოგონებები მაქვს შემორჩენილი იმ დროზე, რაც საქართველოში გავატარე.

არასდროს დამავიწყდება ის სტუმართმოყვარეობა, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. დიდი მადლობა, რომ საშუალება მაქვს, „იავნანას“ 14 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავ დღესასწაულში მივიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ კეთილდღეობას“.

ღონისძიების წამყვანებმა გაიხსენეს და ჟურნალისტებმა სხვადასხვა ჩართვაში შეგვახსენეს, რა მიზნით დაიხარჯა ის თანხები, რომელთა მობილიზებაც ამ 14 წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდმა შეძლო.

ყველა შემსრულებელმა, რომელიც სცენაზე გამოვიდა, „იავნანას“ შესახებ მოკლე ისაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ვარსკვლავის კომენტარს.

ანიტა რაჭველიშვილი:

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო – ეს  არის ქველმოქმედება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ყველა ხელოვანი ერთად ვართ ამ არაჩვეულებრივ სცენაზე. მთავარი მიზეზი,  რის გამოც აქ მოვედით იყო ის, რომ გვეთქვა,-  საკმარისია!!! უსამართლოდ, უდანაშაულო ადამიანების დევნა, საკმარისია ცილისწამება და ტყუილი, საკმარისია სიძულვილის დანერგვა ქართველებში!!!  მე გისურვებთ სიყვარულს, გისურვებთ უზარმაზარ სიყვარულს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!!! ”

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here