გოლფი ყველასთვის: მიუზიკ ბოქსმა მედიატურნირი მოიგო

0
2041

თუ გგონიათ, რომ გოლფი არც საკმარისად აზარტული და არც ენერგიული თამაშია, პირველი გამოცდილებისთანავე ამ აზრზე ნამდვილად აღარ იქნებით.

გამოცდილების მიღების შესაძლებლობა კი საქართველოში 2017 წლიდან თავისუფლად იქნება შესაძლებელი, რადგან საქართველოს ეროვნული გოლფის ფედერაციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქვეყანაში გოლფის განვითარებას იწყებს.

განვითარება სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის სკოლებში ამ სპორტის პოპულარიზაციას გულისხმობს.

მანამდე კი, ეროვნული გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, სასტუმრო Hotels&Preference Hualing Georgia-ში გოლფის მედიატურნირი გაიმართა.

პროფესიონალებისგან მცირე ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, ჟურნალისტები ერთმანეთს მინი გოლფში შეეჯიბრნენ.

მამაკაცებშიც და ქალებშიც პირველი ადგილი „რადიოჰოლდინგ ფორტუნაში” შემავალი „მიუზიკ ბოქსის“ წარმომადგენლებმა დაიმსახურეს. გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა თამთა უთურგაშვილმა, მამაკაცებს შორის კი – ვახტანგ დარასელიამ.
როგორც “ფორტუნასთან” გოლფის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, მედიატურნირის მიზანი ამ სპორტის პოპულარიზაციაა.

“სამწუხაროდ, გოლფი საქართველოში არ არის ცნობილი როგორც სპორტი ფართო მასებისთვის. ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ სახეობას. 2017 წელს დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა, რომ მოსახლეობამდე ეს სიახლეები მივიდეს”.

მანვე აღნიშნა, რომ გოლფი ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტია, განურჩევლად ასაკის, სქესის და სოციალური ფენისა.

“ჩვენ ქვეყანაში ყველას მიაჩნია, რომ გოლფი გამორჩეულთა თამაშია: ან ძალიან მდიდარი უნდა იყო რომ ითამაშო. გოლფის თამაში მხოლოდ ტელევიზორში აქვთ ნანახი. მინდა მოსახლეობამ გაიგოს – ეს სპორტი ყველა ასაკისთვის და ყველა ფენისთვისაა. გოლფი არა მხოლოდ აზარტული თამაშია, არამედ ეს არის რელაქსი და საუკეთესო გართობის საშუალება“, – განაცხადა ბესარიონ თედიაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ “BK კაპიტალი”, “აგორა ჯგუფი”, “ბადაგონი”, “Hotels&preference Hualing Georgia” და “არომა ბუტიკი”, რომლებმაც I, II და III ადგილზე გასულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება და მასში ახალგაზრდების ჩართულობა. ჩვენი კომპანია სპორტის განვითარებას მხარს უჭერს და გაგვიხარდა, რომ ჩვენი პრიზებით გამარჯვებული ქალბატონებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზების საშუალება მოგვეცა”, – განაცხადა “ფორტუნასთან” “არომა ბუტიკის” წარმომადგელმა ნინო მღებრიშვილმა.

“გოლფი და განსაკუთრებით მინი გოლფი ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ გვერდში დავუდგეთ, განვავითაროთ და უფრო მასობრივი გავხადოთ ქართველებისთვის ეს ახალი ხილი”, – განაცხადა “აგორა ჯგუფის” წარმომადგენელმა ლაშა ამაღლობელმა.

საქართველოს ეროვნული გოლფის ფედერაცია ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის, ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here