გიორგი ყიფშიძე მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ: „გადადებული ვიყავი…“

0
5562

გიორგი ყიფშიძემ „თბილისელებთან“ თავისი პროფესიისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ანრი ჯოხაძემ ის ნანკა კალატოზიშვილთან და პატარა შვილთან, ალექსანდრესთან ერთად, ახალ კლიპში გადაიღო. ვიდეო ბიოგრაფიული ხასიათისაა, გიორგი ანრის მამას თამაშობს, ნანკა – დედას, ხოლო ალექსანდრე ყიფშიძე მომღერლის ბავშვობას განასახიერებს.
როგორც გიორგი ამბობს, ნანკასთან კოცნის სცენა ჰქონდა, რაზეც მისმა ვაჟმა იეჭვიანა.

„ალექსანდრემ ნანკაზე იეჭვიანა, ქაჩვა დამიწყო: ნუ კოცნიო. სახლში რომ მივედით, ჩემს ცოლს უთხრა: გაბრაზებული, ნაწყენი ვარ მამაზე, ვიღაც ქალს აკოცაო. არ მელაპარაკებოდაო. ანა მოკვდა სიცილით: არა, შვილო, სამსახურია, მეგობარი. ნანკა მეგობარია, აბა, რა არის. ერთად გავიზარდეთ“, ამბობს მსახიობი.

გიორგიმ გულწრფელად ისაუბრა იმ პერიოდზე, როცა მეორე მეუღლესთან, ანა ჩიკვილაძესთან, დაშორებული იყო და ეს, მისივე თქმით, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მოხდა:

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნამ: ჭორები იყო, რაღაცები. ორივე შვილთან ასეთი რამ დამემართა. პირველი ორი წლის იყო, როცა ოჯახი დამეგრა, ახლაც, ალექსანდრე ორი წლის იყო, როცა ეს დაგვემართა. ალბათ, ის ასაკი ემთხვევა, როცა ქალი ორი წლის შვილზეა გადაფოფრილი, სხვა ურთიერთობები კი მივიწყებას ეცემა ხოლმე. ამიტომ, რაღაცები ინგრევა. ვეღარ გითმობენ სათანადო ყურადღებას, შენც ეჭვიანობ შვილთან მიმართებაში და მერე ინგრევა ურთიერთობა, რასაც თავიდან უნდა დალაგება. აქაც აგვერია და ძალიან ცუდად ვიყავი, დისკომფორტში, უცხო მდგომარეობაში. პაპები რომ აკეთებდნენ ხოლმე, მეც ჩემი ძმაკაცები წავიყვანე და აივანთან ვუმღერეთ. გამოვიდა, ჩამოვიდა, ოღონდ ისე: რა გოიმობებს მიკეთებ, ჯანდაბას, ხვალ დაგირეკავო…“

გიორგიმ ასევე გასცა პასუხი მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებას, რომელიც, მისი თქმით, უკვე აღარ აწუხებს:

„იყო ყველანაირი რთული რაღაცა, გადადებული ვიყავი. ის წლები არ მახსოვს, ამოჭრილია ჩემი ცხოვრებიდან. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ადამიანს გინდა. ჩემი ცოლისა და დედაჩემისგან ძალიან დიდი სტიმული იყო. მამაჩემმა ერთი პერიოდი ხელიც ჩაიქნია: არ არსებობს, არ მინახავს გადარჩენილი და ამ სიტუაციიდან გამომძვრალი კაციო. დაგიმტკიცებ-მეთქი და დავუმტკიცე“, დასძენს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here