„გიო ხუციშვილს უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს“ – ემოციური ამბავი მომღერალზე…

0
1762

ელენე მარგალიტაშვილი გიო ხუციშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ელენეს თქმით, 13-14 წლის იყო, როცა მომღერალმა მასა და მის ოჯახს ისეთი დახმარება გაუწია, რომელმაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მან გაიგო, რომ გიო ხუციშვილი თავს ცუდად გრძნობს და გადაწყვიტა, ეს ამბავი ყველასთვის საჯაროდ მოეთხრო. გთავაზობთ მის სტატუსს.

„დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imediს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ “იმედის ექსპრესი” იგეგმებოდა – უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ.

მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ 14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ახლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო.

თელავის ერთადერთ ინტერნატკაფეში მივედი და “იმედს” მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროვო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა – საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილური მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.

1-2 თვე გავიდა.

31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. “იმედიდან” ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი. მამაჩემთან მე არ მილაპარაკია – შემრცხვა, მომერიდა და ვინერვიულე. საბოლოო ჯამში, ყველა ახლობელმა გაიგო და დაიწყო უსასრულო ნერვიულობა და ლოდინი.

პირველი წამიდან ვუყურე, როგორ უსრულებდნენ სურვილებს ბავშვებს, რომლებმაც მიწერეს. ზოგს ძაღლი აჩუქეს, ზოგს – მობილური… ყველანაირმა სურვილმა გაიჟღერა. თითქმის ყველა მახსოვს. გადაცემა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს მიჰყავდათ. ახალი წელი რომ დადგა და 1-2 საათიც გადასცდა, მეკვლეები გავაცილე და ყველა იმედი, რაც მაგ დღეს გამიჩნდა, დავკარგე.

გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად წავედი.

ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე თუ არა, ჩამეძინა. ინგას და გიორგის ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყველას დაგვემშვიდობნენ. მერე უცებ დაიწყეს: “დღეს შევასრულეთ თითქმის ყველა სურვილი, გარდა ერთისა. მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობებით, ეს წერილი რომ არ წაგიკითხოთ”… და დაიწყეს ჩემი მიწერილი სიტყვების კითხვა. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ “ჩამყვა” და მესიზმრებოდა. “ელენეს ოცნება ყველაზე განსაკუთრებული იყო და ყველას გულზე მოგვხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ”, – დაასრულა ინგამ. ძილშიც კი გული ჩამწყდა.

ამ დროს მესმის მესამე ხმა, რომელიც ამ ორს აჩერებს. გიო ხუციშვილის ხმა იყო. მაშინ “თელიან ველში” მუშაობდა. “მე მინდა, რომ ელენეს ოცნება ავასრულო. ელენეს მამა მოვიდეს ჩემთან თელავში და ჩათვალოს, რომ სამსახური აქვს”.

მე ისევ მეგონა, რომ მესიზმრებოდა და თვალები უფრო მაგრად დავხუჭე, მაგრამ ეხლაც მახსოვს, გული როგორ მიცემდა.

უცებ ყვირილი და შეძახილები გავიგე და სახლის ტელეფონზე ზარებმა უსასრულოდ რეკვა დაიწყო. ოთახში ვიღაც შემოვიდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი. არ მახსოვს, ვინ იყო ან მერე რა მოხდა იმიტომ, რომ ეგ დღეები რეალური არ მეგონა და სიზმარივით “დამავიწყდა”, მაგრამ ის მახსოვს, რომ გიომ თავისი სიტყვა შეასრულა და მამაჩემს მუშაობა მართლა დააწყებინა. მაშინ ჩემი ცხოვრება და კიდევ ბევრი რამე მთლიანად შეიცვალა.

პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ იმ დღის შემდეგ გიოს ხმის გაგონება ჩემთვის რაღაც სხვა გრძნობებთან დაკავშირდა. თვითონ გიოც სხვანაირად ახლობელი და განსაკუთრებული გახდა.

არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა და როგორ იყო მაშინ გათვლილი პიარ-მარკეტინგულად. მე ის ვიცი, რომ გიოს ხმამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მაშინ პირველად დავიჯერე და ვირწმუნე, რომ ოცნებები, რომლებსაც გულით ვინატრებდი, აუცილებლად ამიხდებოდა.

გუშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ცუდად არის. და ალბათ ვერ შევძლებ გამოვხატო, როგორ განვიცადე და როგორ მინდა, რომ კარგად იყოს. და როგორ მინდა, რომ რამით დახმარება და იმ მადლობის რამით გადახდა შემეძლოს. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ თვითონ ამ ამბის მოყოლა ყველაზე კარგად იტყოდა ჩემს სათქმელს.

ვინმეს ხმა თუ მიგიწვდებათ, უთხარით, აუცილებლად უთხარით, რომ იმ პატარა ელენეს ძალიან უყვარს, სუპერგმირივით უყვარს. და რომ დიდ ელენესაც ძალიან უყვარს და ყველაზე დიდ მადლობას უხდის, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გადაუხდია.

მინდა, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად იყოს. ეს არის და ეს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here