29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც მასთან ერთად მისმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენაზე მაყურებლის წინაშე ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა,ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ეკა კახიანი,თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი„ფორტე“ და სხვები წარდგნენ. გარდა ამისა, გიო ხუციშვილმა ერთ-ერთი სიმღერა მეუღლესთან ერთადაც შეასრულა, რომელმაც პუბლიკისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
კონცერტს ფონად დოკუმენტური ფილმი მისდევდა, სადაც მომღერალი თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობდა. შედგა სიმღერის პრემიერაც, რომელიც გიომ შვილთან და „შვიდკაცასთან“ ერთად შეასრულა. სიმღერა კი აფხაზეთს ეძღვნებოდა.
ბუნებრივია, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე „ფორტუნაც“ იმყოფებოდა, სადაც შევძელით გავსაუბრებოდით კონცერტში მონაწილე ვარსკვლავებს და გიოს ოჯახის წევრებს.
ზუკა ხუციშვილი:
„გიოსთვის რაღაცას ყოველთვის თავისი დრო ჰქონდა. ბევრი პროფესია შეიცვალა და დიდი გზა გამოიარა ამ ვარსკვლავამდე, თუმცა რაც მთავარი, არის ის, რომ ხალხისგან დიდ სიყვარულს ვხედავ, იმ ხალხისგან, ვინც აქ არის მოსული და ვინც დააფასა მამაჩემი. მე მეამაყება მამაჩემი და დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც მოახერხა და ის გვაგრძნობინა,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიყვარული და პატივისცემა“.
ნატო გელაშვილი :
„დღეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრის ვარსკვლავი იხსნება. ჩვენ 20 წელია მოვდივართ და არამარტო პარტნიორები, ალბათ, უფრო დიდი მეგობრები ვართ. დღეს ძალიან ბევრი დუეტიდან რატომღაც გიომ მაინც ნუში აარჩია და თქვა, რომ ეს სიმღერა არის სიყვარულის სიმბოლო თბილისში. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეუღლდა ამ სიმღერაზე, ბევრმა სიყვარული აუხსნა. ორი ხელით მივესალმები ყველა მის არჩევანს. ბედნიერი ვარ, რომ ეს წლები გავიარე გიოსთან ერთად და ჩვენ შევქმენით მართლაც ბევრი საოცარი დუეტი“.