40 000 ლარამდე შეგროვდა გუშინ, 25 ოქტომბერს, „იავნანას“ ეგიდით გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე მხოლოდ ცნობილი ადამიანების შემოწირულობებით, რომლებიც მათ მწვავე ლეიკემიით დაავადებული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე, ვატო მაღრაძის დასახმარებლად გაიღეს. მთლიანად შემოსული თანხა დღის ბოლომდე დაითვლება, თუმცა გერმანიაში მყოფი მუსიკოსისთვის, რომელმაც ქიმიის გადასხმები დაასრულა და ახლა ტრანსპლანტაციას ელოდება, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი საქართელოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმატებით დასრულდა. კონცერტის მიმდინარეობისას ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ცნობილი ადამიანი, რომელმაც ვატოსთვის შემოწირულობა გაიღო. მათ შორის გახლდნენ ნინო ქათამაძე, ნინო და ილიკო სუხიშვილები, სოფო ნიჟარაძე, დათუნა სულიკაშვილი და სხვები.
როგორც თეონა ჯორბენაძემ, ღონისძიების ორგანიზატორმა, მოგვიანებით დაწერა, აქციას შეუერთდა ნანი ბრეგვაძე, რომელიც კონცერტს ესწრებოდა და მან 2000 ლარი გადარიცხა ვატოსთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ფინანსური შენატანი ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, რომელმაც ვატო მაღრაძისთვის სოლიდური თანხა, 10 000 ლარი გაიღო.