გია ჯაჯანიძეს ხევსურები უმსგავსობაში ადანაშაულებენ

0
76

ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი გია ჯაჯანიძის ახალი სეზონის პირველმა გადაცემამ ისე გააღიზიანა, რომ ფეისბუქის გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ის წერს:

“დიდი ტკივილი მიაყენა წლევანდელმა შატილობამ ხევსურეთსა და ხევსურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “სხვა რაკურსმა“ და გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს.

ის, რაც ეკრანზე გამოჩნდა, უკვე ძალიან დამთრგუნველი იყო და რაც გადაცემა არ მოხვდა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან. როგორც ხევსურები ჰყვებიან, ჯგუფის წევრები, საჯაროდ, ისეთ უმსგავსობებს სჩადიოდნენ, რომ მთიელები ბავშვებს არიდებდნენ, რომ ეს სიბინძურე არ დაენახათ“, აღნიშნავს სოციალურ ქსელში ნუკრი მჭედლიშვილი და დასძენს, რომ “სხვა რაკურსის“ ჯგუფის წევრებმა გადათელეს წმინდა ადგილები: მუცო, ლებაისკარი და ანატორი და შოუ ასპარეზობები მოაწყვეს ისეთ ადგილებში, სადაც ხევსურები ხატის სამანს იქით ფეხს კი არ დგამენ, გახედვისაც ერიდებათ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეატყობინეს, როგორ იქცეოდნენ ჯაჯანიძე და მისი გადცემის მონაწილეები შატილში, ვერც წარმოიდგენდნენ იმას, რაც შემდეგ გადაცემაში ნახეს. ხრიდოლოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, ეს რომ სცოდნოდათ, გადაღების პროცესს შესაძლოა, ტრაგედიაც მოჰყოლოდა, რადგან ხევსურები წმინდა ადგილების წაბილწვას არავის აპატიებდნენ.

ნუკრი მჭედლიშვილი ამავე სტატუსში აღნიშნავს, რომ მიიღო წერილი ხევსური ძმადნაფიცის, ალუდა დაიაურისგან, რის შემდეგაც ნახა გია ჯაჯანიძის გადაცემა. ძმადნაფიცი მას გაკვირვებული სწერდა, როგორ მიიღეს ამ სიბინძურეში მონაწილეობა შავფაროსნებმა.

ნუკრი მჭედლიშვილი გია ჯაჯანიძეს და მისი გადაცემის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “თქვენი ცხოვრების წესი თქვენ და თქვენმა უფალმა იცის, ეგ ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ დაგვდეთ პატივი და ამის შემდეგ თქვენი ვნებების დემონსტრირება წმინდა ადგილების მიღმა მოახდინეთ. იქ, სადაც თქვენ ბილწსიტყვაობდით და ათასგვარი ხერხით ათახსირებდით ერთმანეთს, ხევსური კაცი მოწიწებით საერთიდ ვერ შედის…“