“ფორტუნა პლუსს” დღეს 17 წელი შეუსრულდა!.. – ცნობილი შემსრულებლების მილოცვები

0
2249

უახლესი ჰიტების ტალღა, „რადიო „ფორტუნა პლუსი“ დღეს, 1-ელ სექტემბერს, 17 წლის გახდა!.. რადიოს, რომელსაც გახსნის დღიდან მსმენელი არ მოჰკლებია, დაბადების დღეს მთელი დღის განმავლობაში ულოცავენ ცნობილი ადამიანები. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რადიო, რომლის ეთერიც ყოველთვის მზადაა, დრო დაუთმოს ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების უახლეს ენერგიულ კომპოზიციებს, მუდმივად ვითარდება და ახალ მსმენელს იძენს.

ჩვენ რამდენიმე მუსიკოსს დავუკავშირდით, რომლებსაც „ფორტუნა პლუსთან“ წლების ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებთ, ეს ყველაფერი კი უკვე ახლო მეგობრობაშიცაა გადაზრდილი.

 

ზურა ხაჩიძე:

„ფორტუნა პლუსთან“ გახსნის დღიდან ვთანამშრომლობთ, ძალიან დიდი ხანია, ვმეგობრობთ. მისი ეთერის საშუალებით უამრავი სიმღერის პრემიერა გაგვიკეთებია. არა მხოლოდ ეს რადიო, არამედ ჰოლდინგიც, რომელშიც ისაა გაერთიანებული, „ფორტუნას“ ვგულისხმობ, ქართველ შემსრულებლებს დიდ დახმარებას უწევს და ზოგადად, დიდ საქმეს აკეთებს.

„ფორტუნა პლუსი“ ახალი, თანამედროვე ჰიტების რადიოსადგურია, მის ეთერში არაერთი ჩვენი ახალი სიმღერა გაჰიტებულა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერს, რეზო კაკულიას, ყველა წამყვანს და ვუსურვო წარმატება, კიდევ უფრო მეტი მსმენელი და რეიტინგი…

გიორგი პავლიაშვილი, მასტერი:

ჩემთვის „ფორტუნა პლუსი“ ჩემი კარიერის დაწყებასთან ასოცირდება. მგონი, 2007 წელი იყო, როცა მის ეთერში პირველად გავიდა სიმღერა „არ მიყვარხარ“, რომელსაც ია ჩანტლაძესთან ერთად ვასრულებდი. ასე რომ, „ფორტუნა პლუსი“ იყო პირველი რადიო, სადაც ჩემი სიმღერა აჟღერდა (იღიმის). მაშინ რადიოკულტურა კიდევ უფრო სხვანაირი იყო, მოკლედ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლდათ.

„ფორტუნა პლუსი“ არის რადიო, რომელიც სულ ეხმარება ქართული ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლებს და ატრიალებს ქართულ რეპს, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ახალი სიმღერებისა, მის ეთერში ასევე ხვდება ელექტრონული მუსიკაც, რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს რადიო მხოლოდ მასის მოთხოვნილებებზე არ მუშაობს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი მეგობარი, რეზო კაკულია, ის ჩემი უახლოესი ადამიანია. „ფორტუნა პლუსს“ მინდა ვუსურვო წარმატება, რეიტინგების სათავეში ყოფნა… „ფორტუნა პლუსის“ რჩეული შარშანდელ „ოქროს ტალღაზე“ გავხდი, ჩვენ გამორჩეული დამოკიდებულება გვაქვს, თითქოს, ერთად მოვდივართ, წლებია… „ფორტუნა პლუსი“ ჩემთვის ბრენდია!..

დათო ხუჯაძე:

ვულოცავ „ფორტუნა პლუსს“ 17 წლის იუბილეს. ჩვენი ურთიერთობა მისი დაარსების დღიდანვე დაიწყო. რაც კი სიმღერა მქონია, ყველაფერი სწორედ ამ რადიოს ეთერში აჟღერებულა პირველად. თითქმის ყველა ჩემმა სიმღერამ გაიარა „ფორტუნა პლუსის“ ეთერი, გაჰიტდა და ქვეყანამ გაიცნო ამ რადიოს საშუალებით. როცა დრო მაქვს, ვუსმენ ხოლმე „ფორტუნა პლუსს“.

რადიოს ვუსურვებ წინსვლასა და განვითარებას, კიდევ უფრო დიდ რეიტინგს, თუმცა მსმენელი არც ახლა აკლია.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here