2.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

“ფორტუნა პლუსი“ იუბილარია! – რადიო, რომელიც 15 წელია, ლიდერობას ინარჩუნებს!

რადიო “ფორტუნა პლუსს“ დღეს 15 წელი შეუსრულდა. 2000 წლის 1-ელ სექტემბერს FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური, რომელმაც მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა.

წლები გავიდა, რადიოსადგურების რაოდენობამ იმატა, თუმცა “ფორტუნა პლუსი“ მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას.

ამ თემაზე რადიოსადგურის მენეჯერი, რეზო კაკულია გვესაუბრა, რომელიც, “ფორტუნა პლუსზე“ მისი დაარსების დღიდან მუშაობს.

რეზო კაკულია:

– “ფორტუნა პლუსი“ არც მეტი, არც ნაკლები, 15 წლის შესრულდა. საიუბილეო თარიღია. აქ ვმუშაობ პირველივე დღიდან, დავიწყე, როგორც მუსიკალურმა წამყვანმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროგრამების დირექტორი გავხდი და დღემდე ვწევ ამ “ჭაპანს“ (იღიმის).

რა განაპირობებს შენს ერთგულებას?

– ვარ მელომანი, ძალიან მიყვარს მუსიკა, დაარსების დღიდან აქ ვარ და ესეც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. გარდა ამისა, მყავს ძალიან კარგი გუნდი და წლების განმავლობაში ერთად ვქმნიდით რადიოს, რომელიც მსმენელმა შეიყვარა.

ჩვენს გუნდში იერარქია არ არსებობს, პირველ რიგში, კარგი მეგობრები ვართ და ალბათ, ესეც განაპირობებს, რომ კარგ პროდუქტსაც ვდებთ. უამრავი მსმენელი გვყავს და ამაზე მეტყველებს ოფიციალური რეიტინგები. ამ 15 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ისეთი მომენტი, რომ რადიო “ამოსაქაჩი“ გაგვხდომოდა. ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა.

აღვნიშნავ დალი ხოჯავას, რადიოწამყვანს, რომელთან ერთადაც პირველ სექტემბერს დუეტში გავედი ეთერში. ისიც დღემდე ჩვენს კომპანიაში მუშაობს, მუსიკალურ წამყვანად. დღეს აქ მყოფი მუსიკალური წამყვანების უმრავლესობა წლებია, აქ მუშაობს.

თანამედროვე მუსიკის ტალღა გაქვთ…

– ჩვენი ფორმატია უახლესი ჰიტები, თუმცა არ ვივიწყებთ ძველ ჰიტებს, რომლებიც 10-15 წლის წინ იყო ძალიან პოპულარული. საათში ერთხელ ჩვენს ეთერშია მონატრებული სიმღერები, რომლებიც “ფორტუნა პლუსზე“ წლების წინ გადიოდა. თუმცა ძირითადი ბირთვი ჩვენი მუსიკალური პლეილისტისა შედგება უახლესი ჰიტებისგან.

განვითარების რა გზას ხედავ რადიოსადგურებისთვის ინტერნეტეპოქაში?

– ინტერნეტი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ის, ჩემი აზრით, კონკურენციას უფრო მეტად ტელევიზიას უწევს. რადიო ავტომობილებს უკავშირდება, ბევრი სახლშიც უსმენს, მაგრამ ძირითადად, მანქანებში. არ ვიცი, რაიმეს თუ გამოიგონებენ მის ჩასანაცვლებლად, მაგრამ დღეს ამ მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ფეხს ვუწყობთ ახალ გამოწვევებს და გვაქვს ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, ჩვენს ლაივს მოუსმინოთ, გარდა ამისა, გაიგებთ უამრავ საინტერესო ახალ ამბავს.

ახლახან განვაახლეთ ჩვენი ვებგვერდი, გარდა ამისა, გვაქვს გვერდი სოციალურ ქსელში, რომელიც უამრავ ადამიანს აქვს მოწონებული. წლების წინ მსმენელებმა შექმნეს “ფორტუნა პლუსის“ ფანკლუბი, არასდროს ავიწყდებოდათ დიჯეების დაბადების დღეები, გვაკითხავდნენ უამრავი საჩუქრით. დღეს ამგვარი კომუნიკაცია უკვე სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი. ყველა ჩვენი წამყვანი დამეგობრებული ჰყავთ და მათთან ურთიერთობენ, უბრალოდ მოგვიკითხავენ ან შეკითხვებს გვისვამენ.

რა სიახლეებს ჰპირდებით ახალ სეზონზე მსმენელს?

– ჩვენს მსმენელს არა მხოლოდ ცხელ ჰიტებს, არამედ რადიოს ცხელ შინაარსობრივ მხარესაც ვთავაზობთ. ეს ტენდენცია გაგრძელდება, 14 სექტემბრიდან კი ვიწყებთ ახალ სეზონს, რომლის შესახებაც ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ (იღიმის).

Latest Posts

ბოლო სიახლეები