ეროვნულ კინოცენტრს ახალი დირექტორი ყავს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის – მიხეილ ბატიაშვილის ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე გაგა ჩხეიძე 2019 წლის 2 მაისს დაინიშნა.
ეროვნული კინოცენტრის დირექტორის სამუშაო პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა დირექტორმა – ზურაბ მაღალაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კინოცენტრის ახალი დირექტორის შესარჩევად კონკური 2019 წლის 4 აპრილს გამოაცხადა. შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა მინისტრს.
გაგა ჩხეიძე 2005 – 2008 წლებში ერთხელ უკვე იკავებდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას. ბოლო 19 წლის განმავლობაში კი იგი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ხელმძღვანელობდა. ასევე, გაგა ჩხეიძის სამუშაო ბიოგრაფია მოიცავს აკადემიურ საქმიანობას და ბერლინში, კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ „არსენალში“ მუშაობის 9-წლიან პერიოდს.
გაგა ჩხეიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.